გაგიკ I (გ. 1020), ბაგრატუნების დინასტიის ანისის სამეფოს მეფე 990-იდან. იბრძოდა სომხ. მიწების გაერთიანებისა და ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის. შემოიერთა ვაიოცძორის სამთავრო და ხაჩენის ოლქი. ვასპურაკანის სამეფოს ჩამოაშორა კოღოვიტისა და ცაღკოტნის ოლქები. მისი მეფობის დროს დედაქალაქი ანისი დიდ სავაჭრო-სახელოსნო და კულტ. ცენტრად იქცა, აშენდა საკათედრო ტაძარი და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობანი.
გ. I-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართვ. მეფე-მთავრებთან, კერძოდ დავით კურაპალატთან, 998 გ. I-მა 6000 მეომარი დაახმარა ქართველ მეფეს მაჰმადიან მფლობელთა შეერთებული ლაშქრობის მოსაგერიებლად. ქართველ-სომეხთა მხედრობამ მძიმე ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა აპაუნიქის ოლქში დაბანაკებული მტრის 100 000-იანი ლაშქარი.
ლიტ. იხ. სტ-თან ანისის სამეფო.