გაგიკი, ჰერეთ-კახეთის მეფე (1037–1058), კვირიკე III დიდის დისწული და შვილობილი. იგი იყო ძე ტაშირ-ძორაგეტის მეფის დავით ბაგრატუნისა, რ-იც სომხ. ისტორიოგრაფიაში დავით ანჰოლინის ანუ დავით „უმიწაწყლოს“ სახელით არის ცნობილი. ქართ. საისტორიო წყაროებში გ. იხსენიება როგორც „ძე დავით სომეხთა მეფისა სამშვილდარისა და ძორაკერტელისა“. დავით ანჰოლინი დაქორწინებული იყო კახეთის უკანასკნელი ქორეპისკოპოსის დავითის ასულზე (ე. ი. კვირიკე III-ის დაზე), რ-იც მას აფხაზთა მეფის ლეონ III-ის ასულისაგან ეყოლა. ამათი შვილი იყო გ., რ-მაც კახეთის სამეფოში საფუძველი ჩაუყარა ტაშირძორაგეტის ბაგრატუნთა ანუ ე. წ. სომეხ კვირიკიანთა საგვარეულო განშტოებას. გ. უნდა იგულისხმებოდეს ხირსის წმ. სტეფანეს ეკლესიის სამხრ. ფასადის ასომთავრულ წარწერაში. სავარაუდოა, რომ XI ს. მცხეთის საბუთის მელქისედეკის „დაწერილის“ დამამტკიცებელი „კვირიკე მეფე, დისწული კვირიკე მეფისა“ არის იგივე გ., ძე სომეხთა მეფისა დავით ანჰოლინისა და დისწული კვირიკე რანთა და კახთა მეფისა. 1039–40 გ. საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-ს ეხმარებოდა თბილისისათვის ბრძოლაში, შემდეგ კი ებრძოდა ბაგრატ IV-ს, რ-იც კახეთ-ჰერეთის შემოერთებას ცდილობდა. ბრძოლა მოხდა მიქელ-გაბრიელის მთასთან (მისი მდებარეობა დაუდგენელია). გ. დამარცხდა. ბაგრატმა დაატყვევა კახეთ-ჰერეთის ერისთავები, გადავიდა თიანეთში და გადაწვა ბოდოჯის სასახლე. გ-მა დროებით დაკარგა ჰერეთი, რ-იც შემდგომში ხან ბაგრატის ხელში იყო, ხან კი გ-ისა. 1044–45, როდესაც მეფეს განუდგა ლიპარიტ ბაღვაში, გ. უმალვე ლიპარიტის მოკავშირე გახდა ბაგრატის წინააღმდეგ. დაახლ. 1045–46 როცა ბაგრატ IV და ლიპარიტი დაზავდნენ, ბაგრატი თბილისში შევიდა და ისნის გასათავისუფლებლად იბრძოდა, გ. უკვე მის მხარეზე გადავიდა. მაგრამ მალე (1046–47), როცა ლიპარიტი კვლავ განუდგა საქართვ. მეფეს, გ-მა და კახეთ-ჰერეთის ფეოდალებმა ისევ ლიპარიტის მხარე დაიჭირეს. ასეთი მოქნილი პოლიტიკის წყალობით, გ-მა მოახერხა რანთა და კახთა სამეფოს პოლიტ. დამოუკიდბლობის შენარჩუნება.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982.
თ. პაპუაშვილი