გაგის ციხე, ციხესიმაგრე ქვემო ქართლში, მდ. დებედის ქვემო წელზე. წყაროებში პირველად იხსენიება XI ს-ში. სომეხი ისტორიკოსის ვარდანის (XIII ს.) ცნობით, ციხესიმაგრე აუგია ანისის მეფეს – გაგიკ I-ს (990–1020). ციხის ნანგრევები მოწმობს, რომ იგი გაცილებით უფრო ძვ. ნაგებობაა და გაგიკ I-ს, როგორც ჩანს, მხოლოდ განუახლებია. ციხე მდებარეობდა სავაჭრო მაგისტრალზე. აგებული იყო ველზე ამართულ კლდოვან ბორცვზე, რ-იც საცხოვრებლად გამოყენებული ყოფილა ადრინდ. ბრინჯაოს ხანიდან. გ. ც. საქართვ. სახელმწიფოს ფორპოსტს წარმოადგენდა სამხრ.-აღმ-ში. გ. ც-ის მფლობელთაგან მოდის XII–XIII სს. ფეოდ. საგვარეულო გაგელები. XIV ს. წყაროებში გ. ც. აღარ იხსენიება, XV ს-იდან კი გვხვდება უკვე აღჯაყალა|აღჯაყალის სახელწოდებით.
ლიტ.: მუსხელიშვილი დ., აღჯაყალა – გაგის ციხე, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, [ტ.] 1.
დ. მუსხელიშვილი