გაგნიძე მიხეილ დავითის ძე

გაგნიძე მიხეილ დავითის ძე (3. XI. 1901, თბილისი, – 4. V. 1968, სოხუმი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1961). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1922-იდან თბილისში, ნაძალადევის მუშათა კლუბთან არსებულ დრამ. წერეში. 1926 ჩაირიცხა რუსთაველის სახ. დრამ. თეატრის დასში. პარალელურად სწავლობდა ამავე თეატრთან არსებულ დრამ. სტუდიაში (დაამთავრა 1928). 1926–36 რუსთაველის სახ. თეატრში შეასრულა როლები: მეზღვაური (ფ. ლიფსკეროვის „კარმენსიტა“), პარტიზანი (ს. შანშიაშვილის „ანზორ“), თეთრი ბაპი (შ. დადიანის „თეთნულდი“). 1936-იდან გ. სოხუმის ს. ჭანბას სახ. დრამ. თეატრის ქართ. დასში მუშაობდა. იყო ფართო დიაპაზონის მსახიობი, წარმატებით ასრულებდა დრამ. და კომ. როლებს. უშუალობითა და მხატვრული დამაჯერებლობით შექმნა პეპიას („გლახის ნაამბობი“, ი. ჭავჭავაძის მიხედვით), დე სანტოსის (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), სოლეიმან-ხანის (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), იაგოს (უ. შექსპირის „ოტელო“), გოჩას („ხევისბერი გოჩა“, ა. ყაზბეგის მიხედვით), ველის (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ-მალალან“) და სხვ. სახეები. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობასაც.

შ. ცუცქირიძე