გაგრა

გაგრა, ქალაქი (1993-იდან) დას. საქართველოში, აფხაზეთში. გაგრის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს გაგრის ქედის სამხრ. კალთაზე, შავიზღვისპირა საავტ. გზატკეცილზე, გაგრის უბის ვიწრო სანაპირო ზოლში. რკინიგზის სადგური. ნავმისადგომი. ზ. დ. 7–50 მ, სოხუმიდან 90 კმ, თბილისიდან 534 კმ. 26,9 ათ. მცხ. (1991).

დასახელება „გაგრა“ პირველად გვხვდება XIII ს. ვენეციურ რუკაზე, ხოლო წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV ს-ში გაგარის ფორმით. აღნიშნულია აგრეთვე XIV–XV სს. იტალ. რუკებზე ყველაზე ახლოს მის არსებულ გეოგრ. მდებარეობასთან, თანამედროვე გ. უბის სიღრმეში, ძვ. ციხესიმაგრესთან. აქ ადამიანს ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში უცხოვრია. გვიანდ. ანტ. ხანაში აუგიათ ციხე, რ-იც ბევრჯერ გადაუკეთებიათ. გ. შუა საუკუნეების საქართვ. მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. 1901 გ-ში კლიმატოლ. სადგურის მშენებლობით იწყება მისი, როგორც კურორტის, ისტორია. 1901 ოლდენბურგის პრინცმა ნიკოლოზ II-ისგან საჩუქრად მიიღო გ-ის საუკეთესო მიწები მიმდებარე ტერიტორიებით. 1901–14 გ-ში აშენდა პრინც ოლდენბურგის სასახლე, რამდენიმე სასტუმრო („გაგრიფში“ და სხვ.), კერძო აგარაკები, სასამსახურო შენობები, სკოლა და სხვ. გაშენდა დენდროლოგიური პარკი.

გ. ზღვისპირა კლიმ.-ბალნეოლ. კურორტია. გაგრის ქედის კალთები დაფარულია სუბტროპ. ფოთლოვანი ტყით. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 14,1°C, იანვ. 6,2°C, აგვ. 24,5°C. ზაფხულის სიცხეს რამდენადმე ანელებს ჟოეკვარის (ჟვავიაკვარის) და გაგრიფშის ხეობებიდან მოდენილი გრილი ჰაერის ნაკადი. ნალექები 1340 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1830 სთ წელიწადში. ზღვის წყლის ტემპ-რა ზაფხულში 22–26°C. საბანაო სეზონი – მაისიდან ნოემბრამდე. ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია ჰავა, ზღვა, პლაჟი. სამკურნ. საშუალება: ბალნეოკლიმატოთერაპია და სულფიდური სულფატურ-ჰიდროკარბონატული კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერ. თერმული წყალი (ტემპ-რა 43° C, დებიტი 1100 მ³/დღ-ღ). სამედ. ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიკური, ცენტრ. და პერიფერიული ნერვული სისტემის, მოძრაობის ორგანოთა და გინეკოლ. დაავადებები. სეზონი – მთელი წელი. XX ს. 90-იან წლებამდე გ-ში მოქმედებდა 12 სანატორიუმი, 11 დასასვენებელი სახლი და პანსიონატი, საკურორტო პოლიკლინიკა, 3 საავადმყოფო (410 საწოლი), დისპანსერები, ლაბორატორიები, ზღვისა და მინერ. წყლის სააბაზანოები, სასტუმრო „აფხაზეთი“, ტურბაზა და სხვ.

გ-ში იყო ხორცკომბინატი, რძის, უალკოჰოლო სასმელების ქ-ნები. 7 ბაგა-ბაღი, 7 საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა, მუშა-ახალგაზრდობის, სპორტ. და სამუსიკო სკოლები, ბ-კა, კულტსახლი, კინოთეატრი, სპორტ. ბაზები, სტამბა, კულტ. და დასვენების პარკი.

ქალაქის დას. ნაწილში (ძვ. გაგრა), მდ. ჟოეკვარის მარცხ. ნაპირზე, იდგა მოზრდილი ციხე თავისი ეკლესიით. ციხე საქართვ. რუსეთთან მიერთების შემდეგ მეფის მთავრობამ აღადგინა (1830) და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენა. დღეისათვის შემორჩენილია ციხის აღმ. და ჩრდ. გალავნები. ამ კედლებში მშენებლობის 2 ფენა ჩანს. პირველი ფენა ადრინდ. ხანისაა, ხოლო მეორე – გვიანდ. შუა საუკ. უნდა ეკუთვნოდეს. პირველ ფენაში ამბრაზურები არ შემორჩენილა, მეორე ფენის კედლებში კი სათოფურებია ჩამწკრივებული. გალავნის შიგნით დგას საშ. სიდიდის VI–VII სს. ეკლესია. იგი ორიგინალურადაა გადაწყვეტილი და უფრო სამეკლესიიან ბაზილიკებს უახლოვდება. შესასვლელი დას. და სამხრ. მხრიდან აქვს. შუა ნავი არაზუსტი ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება და გვერდითებთან თითო-თითო კარითაა დაკავშირებული. ჩრდილო ეკლესია ცენტრალურზე დაბალია და მისგან განსხვავებით ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი აქვს. სამხრეთის მხარე 2 მონაკვეთისაგან შედგება. აღმოსავლეთის სათავსი სწორკუთხაა, დასავლეთისა აფსიდისმაგვარი მომრგვალებით მთავრდება. ყველა ნავს რამდენიმე სარკმელი ანათებს. ფასადები შემოსილია ოდნავ დამუშავებული ქვით. მორთულობიდან აღსანიშნავია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულება. ერთი მათგანი დას. კარის ტიმპანზეა, მეორე კი – იმავე ფასადზე, უფრო მაღლა. ბაზილიკა აღდგენილია XIX ს-ში.

გ-ის განაშენიანების უკანასკნელი გენ. გეგმა დამტკიცდა 1977 (ავტორები: ე. ბაგრატიონი, ლ. გოშაძე, ნ. მიქაძე, კონსულტანტი – რუს. დამს. არქიტ. ა. კუზნეცოვი).

გ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

შ. ლაშხია

გ. უშვერიძე

თ. ბერაძე

პ. ზაქარაია

ე. ბაგრატიონი