გაგრის ქედი, აფხაზეთის კავკასიონის გვერდითი ქედი. მთავარ ქედს გამოეყოფა მდ-ების მზიმთისა და ლაშიფსეს სათავეებთან. სიგრძე 54 კმ, უმაღლესი წერტილია მწვ. აგეფსთა (3257 მ). ქედის სამხრ. მონაკვეთი აგებულია ზედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. შუა ნაწილი – ლუზიტან-ტიტონური რიფული, ბრექჩიული და შრეებრივი კირქვებით, ჩრდ. ნაწილი – ბაიოსური პორფირიტებითა და ტუფებით. გ. ქ-ზე მეოთხეული გამყინვარების ნიშნებია. ჩრდ.-აღმ მონაკვეთზე არის თანამედროვე მყინვარებიც. თითქმის ყველგან გვხვდება რელიეფის კარსტული ფორმები, რ-ითაც განსაკუთრებით მდიდარია გ. ქ-ის დას. ნაწილი – არაბიკის მასივი, სადაც არის მწვ. არაბიკა ზ. დ. 2656 მ. ღრმა უფსკრულები (ვახუშტი ბაგრატიონის, კრუბერის და სხვ.). გ. ქ-ის თხემური ზონა ქარაფოვანი და ძლიერ დანაწევრებულია. კალთები შემოსილია შერეული ტყით, თხემური ზონა – სუბალპ. და ალპ. მდელოებით.
ს. ნემანიშვილი