ბესიკი

ბესიკი (ნამდვ. სახელი და გვარი – ბესარიონ ზაქარიას ძე გაბაშვილი) [1750, თბილისი, – 24. I (4. II). 1791, ქ. იასი, რუმინეთი], პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის, გაბაშვილი ზაქარია|ზაქარია გაბაშვილის, ვაჟი.

ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბ-ის პოეტურ ქმნილებებში ჩანს როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ლიტ-რის ცოდნა. ერეკლე II-ის კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ მოწინავე მოღვაწეები და მწერლები: ლევან ბატონიშვილი, სარდალი დავით ორბელიანი, დავით რექტორი და სხვ. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბ-ის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა. ზაქარია გაბაშვილსა და კათალიკოს ანტონ I-ს შორის კონფლიქტი დამთავრდა ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით. ამან გარკვეული როლი ითამაშა ბ-ის ცხოვრებაში. XVIII ს. 70-იანი წლებიდან ბ. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზეა.

სოლომონ I-მა ბ-ს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთუხუცესის სახელო უბოძა. 1778 ბ. სპარსეთში გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლ. მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა; იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენების შესაძლებლობა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბ. მხარს უჭერდა იმერეთში დავით გიორგის ძის გამეფებას. 1787 დავით მეფემ ბ-ს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783, და იმერეთში დამხმარე ლაშქრის შემოყვანა. ამ მიზნით ბ. ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუს. ჯარების სარდალი ფელდმარშალი გ. პოტიომკინი. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბ. გადავიდა ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასიში, სადაც გარდაიცვალა.

ბ-ის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). პირველ რიგში, აღსანიშნავია რომანტ. განწყობილებით აღბეჭდილი ლირ. ლექსების ციკლი: „სევდის ბაღს შეველ“, „მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა“, „ტანო-ტატანო“, „მე შენზე ფიქრმა მიმარინდა“ და სხვ. ამ ლექსებს აერთიანებს თემატიკური რკალი, საერთო ლირ. გმირი. ბ-ის პოეტური კონცეფცია უპირისპირდება ე. წ. აღორძინების ხანის სხა პოეტებს, რ-თა ლექსებში სიყვარულის გრძნობა მისტიკურ საბურველშია გახვეული (საგანი სიყვარულისა, უპირატესად, არის ღმერთი). ბ. ამქვეყნიურ ადამიანურ გრძნობებს უმღერის და მის ლექსებში უშუალო, გრძნობად-კონკრეტული მიმართებანი ჭარბობს. ქართ. ლირიკის ისტორიაში ბ-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართ. სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII ს. II ნახევარში საქართველოში ბ-ის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა; ამან იშვიათი პოპულარობა მოუპოვა პოეტს თანამედროვეთა შორის.

საგმირო-პატრ. პოემაში „ასპინძისათვის“ ბ-მა 1770 ოსმალო-ლეკთა ჯარზე ქართველთა გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართვ. გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა „რუხის ომი“. სატირულ-იუმორისტული ხასიათის პოემაში „რძალდედამთილიანი“ ბ-მა პირველმა დაამუშავა ხალხ. პოეზიაში გავრცელებული თემა, ძალზე დაუახლოვდა ხალხ. სასაუბრო მეტყველებას. ყოველივე ამით მან, დავით გურამიშვილთან ერთად, ქართ. მწერლობაში გზა გაუკაფა საყოფაცხოვრებო ხასიათის ჟანრებს. ბ-ს დაწერილი აქვს რამდენიმე სატირული ლექსიც (მაგ. „ჭაბუა ორბელიანზე“ და სხვ.).

ბ-ის პოეზიისათვის დამახასიათებელია მდიდარი მეტაფორული აზროვნება, დახვეწილი ბგერწერა. მან საგრძნობლად აამაღლა პოეტური ტექნიკა, შექმნა ლექსის ახ. სახეობანი (იხ. ბესიკური). ქართ. პოეზიის არაერთი ორიგინ. მეტაფორა ბ-ის სახელს უკავშირდება („სევდის ბაღი“, „ცრემლთა ისხარნი“, „შავნი შაშვნი“ და ა. შ.). ბ-ის ლექსებმა მრავალი ხელნაწერი კრებულის სახით მოაღწია. ზოგ მათგანში შესულია არა მარტო ბ-ის, არამედ მის მიმბაძველთა ლექსებიც, რომლებიც ერთობ ართულებს ავთენტიკური მასალის შერჩევას. მაინც შესაძლებელი გახდა მისი ლექსების თავმოყრა, გამოცემა (1885, 1962) და ბ-ის მდიდარი პოეტური მემკვიდრეობის მთლიანობაში წარმოდგენა.

თხზ.: ლექსნი, თქმულნი ბესარიონ გაბაშვილისაგან (1749–1791), ზ. ჭიჭინაძის გამოც., ტფ., 1885; თხზულებათა სრული კრებული, ა. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ., თბ., 1962; ლექსები, პოემები, წერილები, თბ., 2013.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე  ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1940; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; მ ა ჭ ა რ ა ძ ე  ვ., ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, თბ., 1968; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966; ც ა ი შ ვ ი ლ ი  ს., ბესიკი, თბ., 1962; ჟ ღ ე ნ ტ ი  დ., ბესიკის ენა, თბ., 1989; კ უ ჭ უ ხ ი ძ ე  გ., ბესიკის შემოქმედების აღმოსავლურ-დასავლური ასპექტების ურთიერთმიმართებისთვის, XVI–XVIII სს. ქართული ლიტერატურა, თბ., 2012.

ს. ცაიშვილი

ვ. მაჭარაძე