ბიზანტიური ფილოსოფია, აღმოსავლეთ რომის იმპერიაში არსებული ფილოსოფიური და თეოლოგიური აზრი, რ-იც მოიცავს IV – XV სს.
მის ისტორიას იწყებენ დიდი კაპადოკიელი მოაზროვნეები (ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი) და ამთავრებს გეორგიოს გემისტე პლითონი, რ-იც იტალ. ჰუმანისტებს დაუკავშირდა და ხელი შეუწყო ფლორენციის პლატონური აკადემიის ჩამოყალიბებას (1456). ბიზანტ. ფილოსოფია არის ქრისტ. მსოფლმხედველობის მიზნებისათვის გადამუშავებული ბერძნ. ფილოსოფია. მან გაიარა სქოლასტიკის ეპოქა და ნიადაგი მოუმზადა რენესანსის განვითარებას. ბ. ფ. არ ყოფილა მხოლოდ ბერძნების შემოქმედება, მასში თავიანთი წვლილი შეიტანეს იტალიელებმა, ბულგარელებმა, სირიელებმა, სომხებმა და ქართველებმა. ძვ. ქართული ფილოსოფია ბ. ფ-ის გავლენას განიცდიდა, მაგრამ მის შინაარსს შერჩევით და შემოქმედებითად ითვისებდა. უდავოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კულტურისათვის კაპადოკიელების, ამონიოს ჰერმიას, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე ოქროპირის, ნემესიოს ემესელის, იოანე დამასკელის, მიქაელ ფსელოსისა და სხვ. თხზულებების თარგმანებსა და კომენტარებს.
ასევე მნიშვნელოვანი იყო მრავალი ქართ. კულტურული კერა ბიზანტიის ტერიტორიაზე (პალესტინაში, ათონზე, პეტრიწონში და სხვ.). მაგრამ უკვე IV ს. II ნახ-ში უკუგავლენაც შეინიშნება: კოლხეთის ნეოპლატონურ უმაღლეს რიტორიკულ სკოლაში განსწავლული ევგენიოსი და თემისტიოსი კონსტანტინოპოლში გავლენიან ფილოსოფოსებად ითვლებოდნენ. ამავე პერიოდის მოაზროვნეა ბაკურ იბერიელი, რ-იც ცნობილი ფილოსოფოსის, წარმართობის დამცველი ლიბანიოსის, მეგობარი იყო. ლიბანიოსის 392 წლის 980, 963 და 964 წერილები ამ ქართვ. დიდებულს წარმოგვიდგენს როგორც გამოჩენილ სახელმწ., სამხ. მოღვაწესა და მოაზროვნეს. საყოველთაოდაა აღიარებული ღაზის მოღვაწეთა წინამძღოლის პეტრე იბერის გავლენა ბიზანტიის სულიერ კულტურაზე. ღაზაში დაიწერა ენეასის „თეოფრასტე“ და სხვ.
ძალზე დიდია პეტრე იბერის ნამოღვაწარის მნიშვნელობა ქართ. კულტურისათვის, დამოუკიდებლად ნუცუბიძე-ჰონიგმანის ჰიპოთეზისა იმის თაობაზე, რომ არეოპაგიტიკის ავტორი სწორედ ეს ქართვ. მოაზროვნეა. აქედან გამომდინარე, დიდია პეტრე იბერის მასწავლებლის, იოანე ლაზის (იეროთეოსის), დამსახურებაც. ბიზანტ. თეოლოგიისათვის მნიშვნელოვანი იყო ექვთიმე მთაწმიდლის მიერ „ვარლაამისა და იოასაფის“ ქართულიდან ბერძნულად თარგმნა; ეს წიგნი ფართოდ გავრცელდა ევროპაში. მასში ოსტატურად იყო გამოყენებული ღვთის დასაბუთების კოსმოლოგიური და ფიზ.-თეოლ. მეთოდები. იოანე იტალოსის წერილი ვინმე აფხაზისადმი საკმაო საბუთია ნ. მარის დებულებისათვის: „ქართველები... მონაწილეები იყვნენ ცნობილი ბიზანტიური რენესანსისა“. იოანე იტალოსი თავის ადრესატს უწოდებს „უაღრესად სწავლულ კაცს“, რ-იც იცავს და ავრცელებს მისი სკოლის მოძღვრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იოანე პეტრიწის მიერ პროკლეს აშკარა ქრისტიანიზების საფუძველზე „ფსელოსის რენესანსის“ გაბედული განვითარება. შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზ მეთონელის პოლემიკური „პროკლეს განმარტება“ (1155) გულისხმობდა სწორედ პეტრიწის მსგავსი ქრისტიანების შრომებს, რ-ებიც ბ. ფ-მ არ შემოგვინახა.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; ნ უ ც უ ბ ი ძ ე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1–2, თბ., 1956 – 58; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3 – ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურის ისტორია, გამოც. მე-2, თბ., 1973; ხ ი დ ა შ ე ლ ი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV – XIII სს.), თბ., 1988.
გ. თევზაძე