ბიზე (Bizet) ჟორჟ (ალექსანდრ სეზარ ლეოპოლდ, ნათლობის სახელია ჟორჟი) (25. X. 1838, პარიზი, – 3. VI. 1875, ბუჟივალი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი.
ბ-ს შემოქმედების მთავარი სფეროა ოპერა. მას დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ოპერა (მრავალი დაუმთავრებელია), მ. შ. აღსანიშნავია „მარგალიტის მაძიებელნი“ (1863), „პერტის მზეთუნახავი“ (უ. სკოტის რომანის მიხედვით, 1866), „ჯამილე“ (ა. მიუსეს პოემა „ნამუნას“ მიხედვით, 1871). ბ-ს შემოქმედების მწვერვალია ოპერა „კარმენი“ (პ. მერიმეს ნოველის მიხედვით, 1874), რ-იც გამოირჩევა ძლიერი დრამატიზმით, მელოდიური გამომსახველობით. ვენაში ტრიუმფული წარმატების შემდეგ კი იგი ყველაზე პოპულარული გახდა მსოფლიოში. ბ-ს შექმნილი აქვს აგრეთვე სიმფ. კანტატა „ვასკო და გამა“ (1859–60), სიმფონია „რომი“ (1871), საფორტეპიანო პიესები, რომანსები, სიმღერები. ა. დოდეს ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სიუიტა (1872) შესულია სიმფ. მუსიკის ოქროს ფონდში.
თბილისში ოპერა „კარმენის“ დადგმა პირველად განხორციელდა 1885–86 სეზონში. „მარგალიტის მაძიებლები“ პირველად დაიდგა 1889–90 სეზონში. დიდმა ქართველმა მომღერალმა ვ. სარაჯიშვილმა შექმნა ხოზესა („კარმენი“) და ნადირის („მარგალიტის მაძიებლები“) დაუვიწყარი სახეები. თბილისის საოპერო თეატრის მატიანეში დარჩა ვ. დავიდოვასა და ლ. გოცირიძის (კარმენი), ს. ინაშვილისა, და დ. გამრეკელის (ესკამილიო), დ. და ნ. ანდღულაძეების, ზ. ანჯაფარიძის, ზ. სოტკილავას (ხოზე) და სხვათა მიერ ბ-ს ოპერებში შექმნილი ვოკალურ-სცენური სახეები. ბ-ს სიმფონიის მუსიკაზე ჯ. ბალანჩინმა (გ. ბალანჩივაძემ) დადგა ბალეტი „ბროლის სასახლე“.
გ. ტორაძე