ბიზონის მღვიმე, მუსტიეს და ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ფენების შემცველი, კარსტული წარმოშობის მღვიმე ტყიბულის ზონაში, სოფ. ცუცხვათის ტერიტორიაზე, შაბათაღელის მარცხ. ნაპირზე.
ბ. მ. ცუცხვათის მრავალსართულიან მღვიმეთა სისტემის IV იარუსს წარმოადგენს. შესასვლელი ჩრდ-იდან აქვს; მღვიმე ცუდადაა განათებული, მშრალია. ცენტრ. ღერძის გასწვრივ სიღრმეა 14,8 მ, სიგანე – 5,5 მ, სიმაღლე შესასვლელთან – 4,6 მ. შესწავლა დაიწყო 1970 (ხელმძღვ. ლ. მარუაშვილი). გათხარეს 1970–71, 1974–78 (ხელმძღვ. დ. თუშაბრამიშვილი). მღვიმეში ფიქსირებულია 4 ლითოლოგიური ფენა (საერთო სისქე 2, 5 მ-ზე მეტი). III ფენა მუსტიეური ხანის გვიანდ. პერიოდის მასალას შეიცავს. აღმოჩენილია ქვის 60 ნივთი, მ. შ. ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები, ლევალუაზური და მუსტიეური წვეტანები, სხვადასხვა ტიპის სახოკები და სხვ. II ფენაში ენეოლით-ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მასალაა, აღმოჩენილია დას. საქართველოს მღვიმური კულტურისათვის დამახასიათებელი კერამ. ნაწარმის ნატეხები, ორმხრივ დამუშავებული კაჟის ყუნწიანი ისრისპირი, ძვლის ნემსი, ძვლის ყუნწგახვრეტილი სადგისი, კაჟის ანატკეცები და სხვ. მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში.
ლიტ.: Т у ш а б р а м и ш в и л и Д. М., Археологические памятники Цуцхватского многоэтажного пещерного комплекса, წგ.: Изучение пещер Колхиды, Тб., 1978.
დ. თუშაბრამიშვილი