ბითლისი შერეფ ალ-დინ (შერეფ-ხან) იბნ შამს ალ-დინ (25. II. 1543, ქარაჰრუდი, ყუმის მახლობლად, – გ. წ. უცნობია, დაკრძალულია ბითლისში), სპარსულენოვანი ქურთი ისტორიკოსი რუზაქის ტომისა, იზრდებოდა ირანში, შაჰ-თამაზ I-ის კარზე.
1578 ოსმალეთის სამსახურში გადავიდა, რისთვისაც სულთანმა, მურად III-მ ბითლისის მმართველობა და ხანის ტიტული უბოძა. 1578–88 ქურთთა რაზმებით მონაწილეობდა ოსმ. ლაშქრობებში სამხრ. კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში. მას ეკუთვნის ორტომიანი ისტ. თხზულება „დიდების წიგნი“ „შარაფნამე“, რ-შიც მოთხრობილია ქურთული მომთაბარე ტომებისა და დინასტიების ისტორია. მასში გადმოცემულია აგრეთვე ოსმ., ირანის და სხვა მეზობელი ქვეყნების 1290–1596 ისტ. მოვლენები.
„შარაფნამე“ მრავალ ცნობას შეიცავს საქართველოს შესახებ, რ-თაგან ყველაზე ძველი X ს. ეხება, განსაკუთრებით საყურადღებოა უწყებანი XVI ს. II ნახ. საქართველოზე. თხზულებაში აღწერილია ყიზილბაში სარდლის დივ-სულთან რუმლუს საქართველოში ლაშქრობა, შაჰ-თამაზ I-ის ლაშქრობები, მოთხრობილია მის მიერ თბილ. ციხის აღება, ვარძიის მონასტრის დარბევა-გაძარცვა და საქართველოდან 30 ათ. ტყვის წაყვანა 1554.
საინტერესო ცნობებია თბილ. ციხისთავზე გულბათზე და მის ვაჟებზე, რ-ებიც შემდეგ შაჰის ერთგულნი გახდნენ, აგრეთვე ირანის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველების, შაჰის ქართვ. ცოლების, მათი შვილების შესახებ. ასევე ვრცლად არის მოთხრობილი თხზულებაში მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობებთან დაკავშირებული ამბები ირან-ოსმ. ომის განახლების დროს, ქართლის მეფის სიმონ I-ის და სამცხის ათაბაგის მანუჩარის ბრძოლა დამპყრობთაგან ქვეყნის გამოხსნისა და გადარჩენის მიზნით.
ლიტ.: ტ ა ბ ა ტ ა ძ ე კ., შერეფ-ხან ბითლისის ცნობები საქართველოს შესახებ, «კავკასიურ-ახლოაღმოსავულრი კრებული», 1962, [ტ.] 2.
კ. ტაბატაძე