ბილანიშვილი ზაქარია (შაქრო) გრიგოლის ძე (1862, სოფ. პატარძეული, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპ-ი, – 1934, თბილისი), საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ჟურნალისტი, ფოლკლორისტი.
სწავლობდა ვორონეჟის სამხ. სასწავლებელში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბ. ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება. „დროებასა“ და „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ პუბლიც. წერილებში ეხმაურებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს, ქადაგებდა ხალხოსანთა იდეებს. XIX ს. 80-იანი წლებიდან ეწეოდა ფოლკლორისტულ საქმიანობას. მის მიერ 1883–87 სოფ. პატარძეულში შეკრებილი ფოლკლორული მასალის დიდი ნაწილი დაიბეჭდა კრებ. „ძველი საქართველოს“ III ტომში (1914). მანვე შეკრიბა ქართული ფონეტიკის მასალები. 1903 ბ. აირჩიეს ქართ. ხალხ. სიტყვიერების შეგროვების თანამგრძნობთა საზ-ბის ხელმძღვანელად.
ლიტ.: ს ა ხ ო კ ი ა თ., ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1969; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი გ., ნამცვრევი, თბ., 1975.
ჯ. ბარდაველიძე
გ. ჯავახიშვილი