ბილფელდი ლეოპოლდ პეტრეს ძე (1839 – 1921), თბილისელი არქიტექტორი XIX ს. ბოლო ათეულ წლებსა და XX ს. დასაწყისში. ეროვნებით გერმანელი.
მიიღო რუს. ქვეშევრდომობა და შევიდა პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში, რ-ის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მესამე ხარისხის საკლასო მხატვრის წოდება. 1868 მუშაობდა კავკ. საფოსტო ოლქის, შემდეგ კი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორად.
ბ. იყო რუს. ტექ. საზ-ბის კავკასიის განყ-ბის და კავკასიის საზ-ბის ნამდვილი წევრი. 1897-იდან იყო მიხეილის (ახლანდ. ქალაქის V) საავადმყოფოს შენობის არქიტექტორი; მისივე პროექტითაა აგებული ვეტცელის სასტუმროს შენობა დავით აღმაშენებლის პროსპექტზე (№103). საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში ბ. რენესანსულ-ბაროკოული ეკლექტიზმის ფარგლებში რჩება, მაგრამ ყველა მისი შენობა მაღალი პროფესიონალიზმით არის აღბეჭდილი.
XX ს. პირველსავე წლებში შეადგინა ქაშვეთის ახლანდელი ეკლესიის პროექტი, რ-ისთვისაც ნიმუშად (საგანგებო დავალების თანახმად) სამთავისის XI ს. ცნობილი ტაძარი აიღო. ეს ნაგებობა, რ-იც თბილისში რუსთაველის პროსპექტზე მდებარეობს, ახალ ქართ. ხუროთმოძღვრებაში ეროვნული ფორმების გამოყენების ერთ-ერთი საინტერესო ცდაა.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წლები, წგ. 2, თბ., 1963.
ვ. ბერიძე