ბიოლოგიური განათლება, მოიცავს ცოცხალი ორგანიზმების აღნაგობისა და სასიცოცხლო პროცესების გამოვლინებათა ფორმების აგრეთვე წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებათა ცოდნას.
ბ. გ-ის ზოგად საფუძვლებს ეუფლებიან საშ. სკოლაში, ხოლო სპეც. ბ. გ-ს, რ-ის მიზანია შესაბამისი სამეცნ. და პედ. კადრების მომზადება, ემსახურება უნ-ტებისა და პედ. ინ-ტების ბიოლ., საბუნებისმეტყველო ან მომიჯნავე სპეციალობების ფაკ-ტები. საქართველოში ბ. გ-ის საწყისები ჯერ კიდევ უძველეს დროში უნდა ვეძიოთ. საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ კოლხეთის უმაღლეს რიტორიკულ სკოლაში (III –VI სს.) მსმენელებს ცოცხალ ორგანიზმთა ბუნების შესახებაც აძლევდნენ ცოდნას; გელათის აკადემიის მოძღვარს იოანე პეტრიწს გადმოუთარგმნია ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათვის კაცისა“, სადაც ფილოს. და ფსიქოლ. საკითხებთან ერთად განხილულია ადამიანის ანატ. და ფიზიოლ. ზოგიერთი საკითხი. XIX ს. 60-იანი წლებიდან რუს. იმპერიაში გამწვავდა ბრძოლა კლასიკური განათლებისა და რეალური განათლების მომხრეთა შორის. პროგრ. პედაგოგიკის წარმომადგენლები (რუსეთში – კ. უშინსკი, საქართველოში – ი. გოგებაშვილი) მხარს უჭერდნენ რეალურ განათლებას, რ-ის ყურადღების ცენტრში იყო საბუნებისმეტყველო-მათ. ციკლის დისციპლინები და თანამედროვე ენები. 1864 გაიხსნა რეალური გიმნაზიები (1879 გადაკეთდა რეალურ სასწავლებლებად; 1916-თვის საქართველოში 3 რეალური სასწავლებელი იყო). ცოცხალ ორგანიზმთა შესახებ ზოგადი ცოდნის პოპულარიზაციისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ი. გოგებაშვილის „ბუნების კარს“ (1868).
აღსანიშნავია ამ პერიოდის ქართვ. მწერლების, საზ. მოღვაწეებისა და, საერთოდ, მოწინავე ინტელიგენციის ზრუნვა მოსახლეობაში ბიოლ. ცოდნის გასავრცელებლად. იმდროინდელ გაზეთებსა და ჟურნალებში მრავლად ვხვდებით ორიგინ. თუ თარგმნილ სტატიებს, აგრეთვე პატარა წიგნებს ბიოლ. საკითხებზე. ამ მხრივ ყურადსაღებია გ. წერეთლის, ა. ფურცელაძის, ი. კერესელიძის, ი. ფანცხავას, კ. ელიოზიშვილის, დ. ახვლედიანისა და სხვათა მოღვაწეობა. ყურადღებას იპყრობს გ. წერეთლის სტატიები გაზეთ „დროებაში“ (1868) დარვინის თეორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
1896 ი.ფანცხავას ფრანგულიდან უთარგმნია ა. ფერიერის წიგნი „დარვინიზმი“, რ-იც 1912 ხელმეორედ გამოსცეს ქუთაისში. ბიოლ. ცოდნის პოპულარიზაციას დიდ ყურადღებას უთმობდნენ გაზეთები „კვალი“, „ივერია“, განსაკუთრებით ჟურნ. „განათლება“ (გამოდიოდა 1908–18), რ-საც რედაქტორობდა ლ. ბოცვაძე. საბუნებისმეტყველო პროფილის ფაკულტეტები შედიოდა 1917 გახსნილ თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1917–28).
1918 წ. 26 იანვ. გახსნილ თსუ-ში ერთ-ერთი პირველი იყო სამკურნალო და საბუნებისმეტყველო გაერთ. ფაკ-ტი (გამოეყო სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ამავე წლის ოქტ-ში). 1919 აპრ-ში დასახელებული სპეციალობანი გაცალკევდა, ხოლო 1921 ფაკ-ტების რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა პედ. ფაკ-ტი ორი – სიბრძნისმეტყველებისა და საბუნებისმეტყველო განყ-ბებით. ცალკე გამოეყო აგრონ. ფაკ-ტი, რ-თანაც გაიხსნა სას.-სამ. მუზეუმიც. 20-იანი წწ. დასაწყისისათვის უნ-ტში უკვე არსებობდა ფიზიოლ., მიკრობიოლ. და ჰისტოლ., ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, ბოტან., დენდროლოგიისა და მეტყევეობის, ზოოლ. და ენტომოლოგიის კაბინეტები და ანატ. ინ-ტი. მათი ნაწილი შედიოდა საბუნებისმეტყველო, ნაწილი – სამკურნალო, ნაწილი კი – აგრონ. ფაკ-ტის შემადგენლობაში.
1930–33 მოხდა უნ-ტის რეორგანიზაცია ინ-ტებად; ბიოლ. პროფილის კათედრების ნაწილი სამედ. და სას.-სამ. ინ-ტებს გაჰყვა, ზოგი კი ადგილზე – თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში დარჩა. 1933 ეს ინ-ტი კვლავ უნ-ტად გადაკეთდა, ხოლო 1934 ჩამოყალიბდა ბიოლ. ფაკ-ტი, სადაც სულ სამი კათედრა იყო: ფიზიოლ. (გამგე ი. ბერიტაშვილი) ბოტან. (გამგე ნ. კეცხოველი) და ზოოლ. (გამგე გ. ჯავახიშვილი). 1936–37 ჩამოყალიბდა გენეტ. (გამგე. გ. პაპალაშვილი) და ჰისტოლ. (გამგე ა. ლეჟავა) კათედრები.
1993-თვის ფაკ-ტზე 10 კათედრა და 9 პრობლემური ლაბორატორია იყო.
ლიტ.: ქ ვ ე ლ ა ძ ე გ., ბიოლოგიის სწავლების ისტორიისათვის რევოლუციამდელი საქართველოს სკოლებში, «ქიმია და ბიოლოგია სკოლაში», 1982, № 1.
დ. ჯოხაძე