ბიოტა

ბიოტა (Platycladus, Biota), მარადმწვანე ერთსახლიან მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა.

მისი ერთადერთი სახეობა აღმოსავლური ბ. (P. orientalis, B. orientalis) 15–20 მ სიმაღლის ხე, ხშირად კი ბუჩქია. აქვს ბრტყელი, მოყვითალო-წითელი ფერის დამუხლული ტოტები, ჯვარედინ-მოპირისპირედ განლაგებული ქერქლისებრი წიწვები. ქერქი მუქი ნაცრისფერი ან მოწითალო-მურაა, ძვრება ფენებად. გირჩა მომწიფებამდე მოცისფრო-მომწვანოა, შემდეგ – მუქი ლურჯი და ლეგა ნაფიფქით მოფენილი, ბოლოს კი – მოწითალო-ყავისფერი. ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდ. ჩინეთის მთებში.

ჩვენში იგი ფართოდ არის კულტივირებული და კარგად ხარობს თითქმის ყველა რ-ნში. დედოფლისწყაროს რ-ნში 0,5 ჰა ფართობზე გაველურებულია და გვხვდება დაბალტანიან ხედ ან ბუჩქად რცხილასთან, მუხასთან, კუნელთან და სხვ. ფოთლოვან მცენარეებთან ერთად მიუვალ, კლდოვან ადგილზე (ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იგი აქ გაველურებული კი არ არის, არამედ ბუნებრივად იზრდება). ბ. ცოცხლობს 1000 წლამდე. გვალვაგამძლე და სითბოს მოყვარული მცენარეა, მავნე აირებისა და მტვრის მიმართ მდგრადი. წიწვი, ქერქი და გირჩა შეიცავს ბაქტერიოციდულ ეთეროვან ზეთებს.

დეკორატიულია, არსებობს მისი მრავალი ბაღური ფორმა. კარგად იტანს სხვლას, იყენებენ ცოცხალ ღობედ.

გ. ვაჩნაძე