ბირკავა (Agrimonia), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.
ბ-ის 15-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება მხოლოდ 2 სახეობა – ჩვეულებრივი ანუ სააფთიაქო ბ. (A. eupatoria) და A. pilosa; პირველი გავრცელებულია მთელ რესპუბლიკაში მთის ქვედა და შუა სარტყელში მეჩხერ ტყესა და ტყის პირზე, მდელოსა და საძოვარზე, როგორც სარეველა – გზის პირებსა და ღობეების გაყოლებაზე. აქვს თავთავისებრ მტევნებად შეკრებილი ყვითელი ყვავილები, სამკურნალო მცენარეა. მისი ღერო, ფოთოლი და ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, ტანინებს და მწარე გლიკოზიდს.
იყენებენ ხალხ. მედიცინაში. არეგულირებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ხმარობენ რევმატიზმის სამკურნალოდაც. მეორე სახეობა იზრდება ძირითადად რაჭასა (სოფ. უწერის მიდამოებში) და ლეჩხუმში (სოფ. აჭარისხიდთან და ალპანასთან, კონჩხის მთაზე).
ზ. შენგელია