ბირკინის ელჩობა კახეთში (1587 – 88), რუსეთის პირველი ოფიციალური ელჩობა კახეთის სამეფოში.
გააფორმა მფარველობა-ხელდებულების ხელშეკრულება რუსეთსა და კახეთის სამეფოებს შორის. ელჩობას მეთაურობდნენ როდიონ ბირკინი და პეტრე პივოვი. მათ ახლდათ პოდიაჩი სტეფანე პოლუხანოვი. ელჩებს კახეთში ჩამოჰყვა 50 მეთოფე („სტრელეცი“) თავისი ასისთავით.
1587 წ. 26 აგვისტოს ელჩობა ოფიციალურად წარუდგა კახეთის მეფეს ალექსანდრე II-ს. საქმიანი მოლაპარაკება დაიწყო 29 აგვ. და დამთავრდა იმავე 1587 წ. 29 სექტ. ალექსანდრე მეფის მიერ რუს, მეფის თედორესადმი ერთგულების ფიცისწიგნის მიღებით (ფიცისწიგნის ტექსტი მოსკოვშივე იყო შედგენილი). მეფე ალექსანდრე II (შვილებითა და უახლოესი დარბაისლებითურთ) ფიცით ადასტურებდა, რომ თხოვნით მიმართა რუსთ ხელმწიფეს კახეთი თავის ხელქვეშ დაეჭირა, მფარველობაში აეყვანა და დაეცვა ყველა მტრისაგან. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ რუს. ხელმწიფემ მფარველობის ხელი დასდო კახეთს და მისი ყველა მტრისაგან დაცვა ბრძანა. ალექსანდრე და მისი მემკვიდრეები ამის შემდეგ „მკვიდრად და წაუვალად“ იქნებოდნენ თედორე მეფისა და მისი მემკვიდრეების ხელქვეშ. კახეთის მეფე რუს. საზიანოს არაფერს იმოქმედებდა, რუს. ხელმწიფის მტერს თავის მტრად, ხოლო მეგობარს – თავის მეგობრად მიიღებდა. კახეთის მეფე თავს იდებდა ყოველწლიურად მოსაკითხი გაეგზავნა ხელმწიფისათვის. მოლაპარაკების დროს განსაკუთრებული დავა უკანასკნელმა პუნქტმა გამოიწვია. რუს. მხარე მოითხოვდა, რომ კახეთს სურსათით მოემარაგებინა ის ჯარი, რ-იც მდ. თერგთან აგებულ ციხეში იქნებოდა ჩაყენებული კახეთის დასაცავად. კახეთის მეფე დათანხმდა ეს ვალდებულება ყოველწლიური მოსაკითხით შეცვლილიყო.
ბ. ე. კახეთში დარჩა 1588 გაზაფხულის ბოლომდე და მოსკოვს დაბრუნდა იმავე წლის 13 ოქტომბერს.
წყარო: Белокуров С. А., Сношения Росии с Кавказом, в. 1 (1578 – 1613), М., 1889.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI – XVII საუკუნეთა მიჯნაზე, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; П о л и е в к т о в М. А., Европейские путешественники XIII – XVIII вв. По Кавказу, Тфл., 1935.
ნ. ასათიანი