ბირჟა

ბირჟა (<გვიანდ. ლათ. bursa–საფულე, ქისა), საქონლით, ფასიანი ქაღალდებითა და უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზაციის რეგულარულად მოქმედი იურიდიული და ეკონომიკური ფორმა.

შესაბამისად, არსებობს სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბ-ები. საბირჟო საქონლის მახასიათებლებია: 1. თვისებრივი ერთგვაროვნება; 2. რაოდენობრივი ზომვადობა (მასის, ზომის, რიცხვის და სხვ.); 3. შენაცვლებადობა (მისი შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა საქონლით). საქონლის ეს თვისებები საშუალებას იძლევა გარიგება მოხდეს საბაზრო წესების სრული დაცვით ისე, რომ საქონელი კონტრაგენტების წინაშე წარდგენილი არ იქნეს. მაგ., ხე-ტყის შეძენისას მყიდველი გაეცნობა მხოლოდ მის ტექ.-ეკონ. მახასიათებელს, აქციისა და ვალუტის ყიდვისას კი მათ რაოდენობასა და კლასს. არც ერთი მათგანი ბ-ზე საჩვენებლად არ გამოაქვთ. მყიდველმა იცის, თუ რისი შეძენის სურვილს აცხადებს. საბაზრო ურთიერთობის განვითარების კვალდაკვალ საბირჟო საქონლის კლასი თანდათანობით შემოიფარგლა და პრაქტიკულად განსაზღვრული გახდა. სასაქონლო-სანედლეულო ბ-ზე ისეთი საქონლით ვაჭრობენ, რ-იც არ ექვემდებარება მარკეტინგულ დამუშავებას. ეს ის საქონელია, რ-ის ბაზაზე ძნელია ყოველ ცალკეულ მომენტში დაადგინო მისი ბაზრის მოთხოვნა. საფონდო ბ-ზე ვაჭრობენ ფასიანი ქაღალდებით (აქციები, ობლიგაციები) და საფონდო ფასეულობებით (ოპციონები, ფიუჩერსები), სავალუტო ბ-ზე კი – უცხოური, ხანდახან ეროვნ. ვალუტითაც. ბ-ის წევრები (როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები), იმის მიხედვით, თუ როგორია მათი მესაკუთრული დამოკიდებულება და სავაჭრო აქტივობა, იყოფიან კატეგორიებად. ბ-ის საერთაშ. მოდელია ნიუ-იორკის საფონდო ბ., სადაც შედიან ოთხი კატეგორიის წევრები: სპეციალისტები ბ-ისა და საფონდო ბროკერები, თავისუფალი მოვაჭრეები ანუ მაკლერები და სავაჭრო სახლების ბროკერები. წევრები ერთმანეთთან ორმხრივი აუქციონის წესით თანამშრომლობენ, ე. ი. ერთსა და იმავე საქონელს ბევრი ყიდის და ბევრიც ყიდულობს, დებენ ვადიანსა და უვადო გარიგებებს. ვადიანი გარიგება საფონდო ბ-ზე ცნობილია ოპციონებისა და ფიუჩერსების სახით, ხოლო სასაქონლო ბ-ზე – როგორც ფორვარდული გარიგება და ფიუჩერსები. ბ-ზე შესაძლებელია მისი წევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელთა აკრედიტება, მაგრამ მათ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ.

თანამედროვ ბ. რთული სამეურნეო დაწესებულებაა. იგი იყენებს კომპიუტერულ სისტემებს, დაცული და შემოწმებულია კომერც. ინფორმაცია, უსამართლო ფასებისაგან დაზღვეულია როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი.

საქართველოში საბირჟო საქმიანობა 1990-იდან დაიწყო. ამჟამად არსებობს ორი ლიცენზირებული ბირჟა: 1992-იდან თბილისში მოქმედებს სააქციო საზ-ბა „თბილისის საფონდო ბირჟა“, ხოლო 1999-იდან ‒ სააქციო საზ-ბა „საქართველოს საფონდო ბირჟა (იხ. აგრეთვე შრომის ბირჟა). „საქართველოს საფონდო ბირჟა“ არის ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, სადაც ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 27 კომპანიის ფასიანი ქაღალდი (2021). საფონდო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია შეადგენს 2,3 მლრდ. დოლარს (2021). იგი არის სააქციო საზ-ბა „თბილისის საფონდო ბირჟის“ წილის მფლობელი.

დ. იაკობიძე