ბიურნუფი ეჟენ

ბიურნუფი (Burnouf) ეჟენ (12. VIII. 1801, პარიზი, – 28. V. 1852, იქვე), ფრანგი ენათმეცნიერი, პალი (საშუალო ინდ. ენა) ენის მეცნიერული შესწავლის ფუძემდებელი. იკვლევდა ბუდიზმის პრობლემებს; თარგმნიდა ინდური ენებიდან. ნაადრევად მიიჩნია ფრ. ბოპის, მ. ბროსესა და სხვათა მიერ ქართულის გამოცხადება ინდოევროპული ენების მონათესავე ენად. მოითხოვდა შედარებითი პრინციპების მკაცრად დაცვას: ვიდრე მოვლენები ცალკეული ენების ფარგლებში კარგად არ არის შესწავლილი, სახიფათოა რაიმე დასკვნის გამოტანა; მსგავსებასთან ერთად პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ენებს შორის განსხვავებასაც.

ლიტ.: Ц а г а р е л и  А. А., О грамматической литературе грузинского языка (критический очерк). СПб., 1873.

თ. უთურგაიძე