ბიწმენდი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), საგურამოს ვაკეზე, მდ. ახატნისხევის (არაგვის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 660 მ, მცხეთიდან 18 კმ. 506 მცხ. (2014).
ბ. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) და ათავსებს ხერკის ანუ საგურამოს თემში. 1579 კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ ბ-ის შეწირულობა განუახლა სვეტიცხოველს. 1700 ნაზარალიხანმა (ერკლე I) ბ-ის სახლთუხუცესობა და ჯანიშინობა ამილბარ მაღალაძეს უბოძა. ბ-ის შუაში დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – XIX ს. დარბაზული ეკლესია (დაზიანებულია). სოფლის ჩრდ. განაპირას კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესიაა (გვიანდ. შუა საუკუნეები). ორივე ეკლესია ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია აგურიც.
ჯ. გვასალია