გრუზინსკი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) გიორგი ალექსანდრეს ძე (2. XI. 1762, მოსკოვი, – 15. V. 1852, სოფ. ლისკოვო), რუსეთის სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, მეფე ბაქარის შვილიშვილი. დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში. შეისწავლა უცხო ენები. 1768 იმპ. ეკატერინე II-ის ბრძანებით ჩარიცხეს პეტერბურგის ქვეითთა პოლკში, 1776-იდან ელიზავეტგრადის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში იყო (1778-იდან – კაპიტანი, 1786-იდან – მაიორი). მის სამხ. კარიერას ხელი შეუშალა მამის, ალექსანდრე ბატონიშვილის, ქართლის ტახტისთვის ბრძოლამ და ამ ნიადაგზე ეკატერინე II-თან უთანხმოებამ. 1786 თავი დაანება სამხ. სამსახურს და დასახლდა ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის სოფ. ლისკოვოში. 1792 აირჩიეს ჯერ მაკარიევოს მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლად, 1795 კი – ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად. 1798 პავლე I-მა ხისტი ხასიათის გამო გადააყენა. საქართველოს რუსეთთან შეერთების წინა წლებში გ. შეხვდა იმპ. ალექსანდრე I-ს და ქართ. ეკლესიის რელიკვია – წმ. ნინოს ჯვარი – გადასცა. 1807–28 ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. სამამულო ომის (1812) დროს მეთაურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის მოხალისეებს. ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა მეურნეობის განვითარების საქმეში. იგი ერთ-ერთი მდიდარი მემამულე გახდა რუსეთში. თავისი შემოსავლის ნაწილი გ-მ ნიჟნი-ნოვგოროდის ცენტრში სასახლეების გაფართოებას მოახმარა. მან დააარსა ინვალიდთა თავშესაფარი, აღსაზრდელთა სახლი; ლისკოვოში გახსნა აფთიაქი, 1800 კი ააშენა სამრეკლო, დიდი ქვის ტაძარი, თვითონვე იკისრა საეკლ. მსახურების ყველა ხარჯი. 1848 ქალაქის სასწავლებელს თავისი სასახლე აჩუქა. თვითონვე ინახავდა მოსწავლეებსაც. მფარველობდა და ეხმარებოდა დეკაბრისტებს. ჰქონდა მდიდარი ბ-კა ქართ., რუს. და ევრ. ენებზე. დაკრძალულია თავისსავე აშენებულ ტაძარში.
ფ. სიხარულიძე