ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, გაგრისა (ბიჭვინთის კონცხი) და გუდაუთის მუნიციპებ-ში.
შედგება შავი ზღვის პირას მდებარე ბიჭვინთის ფიჭვის ტევრის (ფართ. 165 ჰა, ნაკრძალად გამოცხადდა 1926), ლიძავის მუხნარისა (1296 ჰა, ბიჭვინთის ნაკრძალს შეუერთდა 1960) და მიუსერის ძვირფასი ტყის მასივებისაგან (2300 ჰა, ნაკრძალად გამოცხადდა 1934, 1966 შეუერთდა ბიჭვინთის ნაკრძალს და შეიქმნა ბ.-მ. ნ.). ნაკრძალის ფართობია 3761 ჰა. ტყით დაფარულია 2471 ჰა; აქედან მუხნარს უკავია 1163 ჰა, წაბლნარს – 1040 ჰა, ფიჭვნარს – 104 ჰა, ბზიანს – 53 ჰა, რცხილნარს – 100 ჰა, ლაფნარს – 9 ჰა და წიფლნარს – 2 ჰა.
ფართოდაა გავრცელებული აგრეთვე კავკასიური ცაცხვი, უხრავი, ჯაგრცხილა, თხილი, ჰარტვისის მუხა, ხურმა, სამხრეთული აკაკი, ჩვეულებრივი იფანი, თრიმლი, თუთუბო, ქაცვი, სამი სახეობის კუნელი, ტირიფები (4 სახეობა) და სხვ. ნაკრძალი შეიქმნა მცენარეთა იშვიათი რელიქტური სახეობების – ბიჭვინთის ფიჭვის, ხემარწყვას, ხისებრი მანანის, აგრეთვე კოლხური ბზის, ლაფნის, წაბლის, წითელი ქვებლანდისის და სხვა იშვიათ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის მიზნით.
მის ტერიტორიაზე აღრიცხულია 723 სახეობის უმაღლესი მცენარე, მ. შ. 92 მერქნიანია. 28 სახეობა (მ. შ. 18 მერქნიანი) შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“. ბიჭვინთის კონცხზე 295 ჰა-ზე ბიჭვინთის ფიჭვის კორომია შემორჩენილი. აქ სულ აღრიცხულია 25440 ძირი ბიჭვინთის ფიჭვი და დაწესებულია მათზე მუდმივი მეთვალყურეობა. აქედან ნაკრძალის ტერიტორიაზეა 8982 ძირი (დანარჩენი საკურორტო ზონაშია).
ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომლებმა (დ. ახრახაძე და სხვ.) შეიმუშავეს ამ ძნელად გასამრავლებელი ფიჭვის აღდგენის და მისი მოზრდილი ნერგების გადარგვის ორიგინ. მეთოდი. მათ მიერ ბიჭვინთის კონცხზე გახარებულ იქნა 61 000 ძირზე მეტი ბიჭვინთის ფიჭვის 20-წლიანი და მეტი ხნოვანების ნერგი. ნაკრძალში კოლხური ბზის ორი დიდი ტევრია (ბზის ცალკეული ეგზ. სიმაღლე 11 მ აღწევს). მიუსერის და კავაკლუკის მაღლობზე შეფენილ მუხნარებში ქართულ მუხასა და სხვა მცენარეებთან ერთად შერეულია მეტად იშვიათი სახეობები – ხისებრი მანანა, სალბისებრი საკმელა და ხემარწყვა, რ-ის ზოგიერთი ეგზ. სიმაღლე 15 – 16 მ, ხოლო დიამეტრი 1 მ აღწევს. ამ ადგილებში თავრიზული საკმელის ფესვებზე იზრდება მეტად იშვიათი პარაზიტი მცენარე – წითელი ქვებლანდისა. მდ. მიუსერის და სხვა ღელეების ნაპირები დაფარულია ლაფნისა და მურყნის ტყეებით. ნაკრძალში აღრიცხული იყო 115-მდე სახეობის ფრინველი, მ. შ. 67 მობუდარი. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ზღარბი, თხუნელა, ჩვეულებრივი და თელეუთური ციყვი, დედოფალა, ტყის კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტყის კატა, მელა, ტურა, იშვიათად გარეული ღორი და შველი.
ამჟამად ოკუპირებულ ტერიტოტიაზეა.
ტ. ჩიქოვანი