ბიჭვინთის ტაძარი, X ს. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ბიჭვინთის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი, მდებარეობს ბიჭვინთაში.
ბ. ტ., ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლები, ორგანულადაა ჩართული ქართ. ხუროთმოძღვრების განვითარებაში, მაგრამ მისი გარეგნული სახე, საქართვ. სხვა მხარეების ძეგლთაგან განსხვავებით, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ბიზანტ. შენობებთან. ბ. ტ. წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ ჯვაროვან-გუმბათოვან ნაგებობას, რ-საც დას-ით ნართექსი აქვს, ხოლო აღმ-ით – 3 შვერილი აფსიდი. აღსანიშნავია, რომ ნართექსი საქართველოში იშვიათად გვხვდება, შვერილი აფსიდები კი ახასიათებს საქართველოს ადრინდ. პერიოდის ეკლესიებს, უფრო გვიან – დას. საქართველოს, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროს ძეგლებს (თუმცა, აქა-იქ აღმ. საქართველოშიც გვხვდება). ტაძრის დას. მკლავი სამმხრივი პატრონიკეთია აღჭურვილი. გუმბათი ემყარება საკურთხევლის კედლებსა და ორ ბოძს (საქართველოში ამ თემამ უფრო გვიან მტკიცედ მოიკიდა ფეხი).
ბ. ტ. ნაგებია მონაცვლეობით ნაწყობი ბრტყელი აგურისა და მქისედ გათლილი ქვის ჰორიზ. რიგებით. გუმბათის ყელი მთლიანად აგურითაა ამოყვანილი. ტაძარი შიგნით მოხატული იყო, მაგრამ XIX ს. II ნახევარში იგი ერთიანად შელესეს, თეთრად შეღებეს და მოხატეს, რის გამოც ძვ. მოხატულობა განადგურდა. ნართექსის სამხრ-დას კუთხეში ჩაშენებულია პატარა, აფსიდიანი საძვალე, რ-ის კედლებზე შემონახული მოხატულობა XVI ს. II ნახევრით თარიღდება.
1966 დიდი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარეს (პროექტის ავტორი ვ. ცინცაძე). სამუშაოთა შესრულების დროს ტაძრის ინტერიერში აღმოჩნდა ძვ. მოხატულობის მცირე ფრაგმენტები, რ-ებიც საძვალის მოხატულობის თანადროულია (XVI ს. II ნახევრისაა და, როგორც ჩანს, ერთი და იმავე ოსტატის ხელითაა შესრულებული). ტაძრის ირგვლივ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა, პატარა ეკლესიები, სამლოცველოები, მონასტრის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებია. სენაკების ყოფილი შენობის I სართულზე ბიჭვინთის მუზეუმია მოწყობილი.
ბ. ტ. კვლავ მოქმედია. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., ქართული არქიტექტურის ისტორია. ლექციების მოკლე კურსი, თბ., 1955; Р ч е у л и ш в и л и Л. Д., Некоторые аспекты грузинской архитектуры черноморского побережья, კრ.: Средневековое искусство. Русь, Грузия, М., 1978; Ш е р в а ш и д з е Л. А., Средневековая монументальная живопись в Абхазии, Тб., 1980.