გადახვეული ხორუმი, საბრძოლო შინაარსის ძვ. ქართული ხალხური ცეკვა. საფერხულო წყობის მასობრივი ცეკვის „ხორუმის“ დასკვნითი ნაწილი – გამარჯვებისა და ზეიმის გამომხატველი როკვა. სრულდებოდა დამარცხებული მტრის მოკვეთილი თავის გარშემო. მოცეკვავენი ასრულებენ ისეთ ილეთებს, თითქოს აგორებენ და ქოლავენ წრეში მოქცეულ დამარცხებული მტრის მოჭრილ თავს [არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ეპიზოდი უნდა მომდინარეობდეს მოსინიკების ჩვეულებიდან, რ-ებიც ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს (V–IV სს. ძვ. წ.) ცნობით, მტერზე გამარჯვების შემთხვევაში, ასრულებდნენ მსგავს ცერემონიალს თავისებური ჰანგის თანხლებით]. ამ ცეკვაში ფეხით ჩაკვრის ილეთს ბასმას უწოდებენ. არსებობს ბასმის სხვადასხვა სახეობა: ორმაგი, სამმაგი, მოტყუებული. გ. ხ-ის მუს. ზომა და რიტმი სრულიად განსხვავდება „ხორუმის“ რიტმისაგან („ხორუმს“ შერეული რიტმი ახასიათებს), იგი დამოუკიდებლადაც სრულდება ჭიბონის თანხლებით.
ა. თათარაძე