გავეთი

გავეთი, XIII–XIV სს. მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ეკლესია მესხეთში, ასპინძის მუნიციპ-ში, გავეთის ნასოფლარის ტერიტორიაზე, შიშველ და უდაბურ ადგილას. ნაგებია მოწითალო ფერის კარგად გათლილი კვადრებით. კედლები მასიურია. გეგმით სწორკუთხა ერთნავიან ნაგებობას სამი შესასვლელი ჰქონდა: დას-ით (დიდი ხნის ამოშენებულია), სამხრ-ით (ამოშენებულია) და ჩრდ-ით. დარბაზი საბჯენი თაღით ორ ნაწილად არის გაყოფილი. შიგა სივრცე დიდია და მაღალი. კედლები შიგნიდან ცუდად არის ნაწყობი, როგორც ჩანს, შელესვა და მოხატვა ყოფილა გათვალისწინებული. ფასადები მარტივია, ჭარბობს გლუვი სიბრტყეები. კარ-სარკმელთა ძუნწი დეკორისა და ცალკეული ორნამენტული მოტივების მიხედვით იგი საფარა-ზარზმის ხუროთმოძღვრულ წრეში ექცევა. განსხვავებულია სამხრ. ფასადის შესასვლელისა და სარკმელთა საპირეების თაღები, რ-თაც ქართ. ხუროთმოძღვრებისათვის უცხო მუზარადისებრი მოხაზულობა აქვთ (ისლამური ელემენტი).

ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII–XVI სს., თბ., 1955.

თ. საყვარელიძე