გაზიფიკაცია

გაზიფიკაცია, ბუნებრივი გაზის მიწოდების ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია საბინაო-კომუნალური, საწარმოო და სხვა ობიექტების გადასაყვანად ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე საწვავად ან ენერგორესურსად. იგი გულისხმობს მეურნეობის სხვადასხვა სფეროში ბუნებრივი გაზის ფართოდ გამოყენებას და დაკავშირებულია მის მოპოვებასთან, მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასა და განაწილებასთან.

საქართველოში გ-ის სამუშაოები 1956 დაიწყო. 1959 წლის ბოლოს თბილისმა მიიღო ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. მაგისტრალური გაზსადენის გამტარუნარიანობამ წელიწადში 1,8, ხოლო რეკონსტრუქციის შემდეგ - 4,6 მლრდ მ³ შეადგინა.

საქართველოში ბუნებრივი გაზი მნიშვნელოვანი რაოდენობით არ მოიპოვება. სხვადასხვა დროს იგი შემოჰქონდათ აზერბაიჯანიდან, თუქმენეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან. ამჟამად მისი ძირითადი მომწოდებელია აზერბაიჯანი.

2020 საქართველოში მოიხმარეს 2573 მლნ. მ³ ბუნებრივი გაზი. მისი წილი ენერგეტ. რესურსების საბოლოო მოხმარებაში 36,3%-ია (2019). ქვეყანაში 2020 ბუნებრივი გაზის სექტორში ოპერირებდა 25 ლიცენზიატი, მ. შ. ერთი ტრანსპორტირების და 24 განაწილების სფეროში. მსხვილი გამანაწილებელი კომპანიებია: „თბილისი ენერჯი“, „სოკარი ჯორჯია“ და „საქორგგაზი“. ამჟამად საქართველოში გაზიფიცირებულია შინამეურნეობების 84% და აბონენტების რიცხვი 1,6 მლნ-ს აღწევს (2019).

დ. ჩომახიძე