გაიოზ რექტორი

გაიოზ რექტორი (1746, სოფ. მაღარო, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 20. II. 1821, ასტრახანი), მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მთარგმნელი. დიპლომატი. მკვლევართა აზრით, გ. რ. გვარად ბარათაშვილი, ბარათაშვილ-თაყაიშვილი ან ვაგოშაშვილი იყო. 1765 დაამთავრა თბილ. სემინარია. 1765–72 მისი მასწავლებლები იყვნენ ანტონ I და ფილოსოფოსი ყაითმაზაშვილი ფილიპე|ფ. ყაითმაზაშვილი. გ. რ. იყო მონაწილე ანტონ I-ისა და ლევან ბატონიშვილის დიპლომატიური მისიისა რუსეთში, 1772 იქვე დარჩა და 1778 დაამთავრა მოსკ. სლავურ-ბერძნ.-ლათ. აკადემია. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და ერთხანს ხელმძღვანელობდა თბილ. სემინარიას. 1780–82 საგანგებო დიპლ. მისიით იმყოფებოდა მოსკოვში. 1782-იდან იყო მისივე ინიციატივით გახსნილი თელავის სემინარიის რექტორი. გ. რ-მა აქტ. მონაწილეობა მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) დადებაში. 1783 გაემგზავრა რუსეთს, რის შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იყო ერეკლე II-ის პოლიტიკის მიმდევარი და იცავდა საქართვ. ინტერესებს რუს. მეფის კარზე. 1784–93 გ. რ. იყო „ოსეთის სას. კომისიის“ წევრი, 1793–99 – მოზდოკის, 1799–1808 – სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი. 1808-იდან გარდაცვალებამდე – ასტრახანისა და სტავროპოლის მთავარეპისკოპოსი.

გ. რ. არის ოთხასზე მეტი ორიგინ. და ნათარგმნი შრომის ავტორი. აღსანიშნავია ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობის“ წინათქმა (იამბიკო), იმავე ავტორის „ღვთის მეტყველების“ საძიებელი, „ქრისტიანობრივი სწავლა ანუ ჭეშმარიტი სიტყვა ღმრთისა“. და სხვ. გ. რ-მა თარგმნა ამბროსი მედიოლანელის „თხზულებანი“, მარკუს ავრელიუსის „წიგნის ზნეთსწავლულება“, პეტრე დიდის „რეღლამენტი“ , ბასილი დიდის „ეპისტოლენი“, დიოდორესა და ჰეროდოტეს „ისტორია ეგვიპტისა“, ახალი აღთქმის წიგნები და სხვ. გ. რ-ის „ქართული ღრამმატიკა“ (1789) წარმოადგენს ქართ. ენის გრამატიკის პირველ ნაბეჭდ სახელმძღვანელოს ქართ. ენაზე. გ. რ-ის გრამატიკა ძირითადად ანტონ I-ის „ქართულ ღრამატიკას“ მისდევს და დაწერილია მისი დიდი გავლენით, მაგრამ მისგან განსხვავდება, როგორც აღნაგობით, ისე ცალკეულ საკითხთა გაგების მხრივაც (ბრუნვის ნიშანთა გამოყოფა, ასპექტის მინიშნება, ორმაგი მრავლობითის ფორმათა უგულებელყოფა, მანით დაწყებული ზმნების გამოცალკევება უღლებისას, წოდებითი ბრუნვის სინტაქსური ფუნქცია, ტმესის საკითხები, სქესის კატეგორიის განსაზღვრა, კავშირის, ზმნისზედების დაჯგუფება და სხვ.). საყურადღებოა მისი ორი სხვა გრამატ. ნაშრომიც: „სიტყუა საღრამმატიკოჲ“ (1783) და „Карталинская грамматика” –ქართული ენის პირველი გრამატიკა რუსულ ენაზე. გ. რ-ის პედ., დიდაქტიკური და მეთოდიკური შეხედულებანი ძირითადად წარმოდგენილია მის ორიგინ. თხზულებებსა და თარგმნილი ლიტ-რის წინასიტყვაობის ტექსტებში და გახვეულია თეოლოგიურ სამოსელში (რაც ბუნებრივია, რადგან გ. რ. ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მოღვაწე იყო). გ. რ. შეეხო სწავლა-აღზრდისა და განათლების ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანი და მისი დანიშნულება საზოგადოებაში; გონებრივი განათლების წამყვანი როლი პიროვნების ფორმირებაში; აღზრდის მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბებისათვის; სკოლის როლი და დანიშნულება; სწავლების არსი და სწავლა-აღზრდის მეთოდები; გ. რ-ის პედ. აზრები ორიგინ. და იმდროისათვის პროგრესული იყო. გ. რ-მა საფუძველი ჩაუყარა ოსური ანბანის შექმნას. აღსანიშნავია გ. რ-ის მიერ დაწერილი საქართვ. ისტორია, ქადაგებები და მისი შესანიშნავი გამოსვლები თბილისსა და თელავში, რ-ებიც მჭევრმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული. გ. რ-მა ქართ. სტამბა გამართა მოზდოკში. იქ დაიბეჭდა მისი „ანბანი, ლოცვანი, მოკლე საქრისტიანო სწავლა“.

თხზ.: გრამმატიკა, მოზდოკი, [1796–1800]; ქართული ღრამმატიკა, ე. ნიკოლაიშვილის გამოც., თბ., 1970.

ლიტ.: დარჩია მ., გაიოზ რექტორი, თბ., 1972; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მენაბდე ლ., გაიოზ რექტორი, „სკოლა და ცხოვრება“, 1991, №9–10; ცუხიშვილი მ., გაიოზ რექტორი, „სამი საუნჯე“, 2015, №1(15).

მ. დარჩია

ე. ნიკოლაიშვილი