გალის მუნიციპალიტეტი

გალის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დას. საქართველოში, აფხაზეთის სამხრ.-აღმ. ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. ჩრდ-ით ესაზღვრება ოჩამჩირის, აღმ-ით – წალენჯიხის, სამხრ-ით – ზუგდიდის მუნიციპალიტეტები, დას-ით – შავი ზღვა. ფართ. 1002,5 კმ². მოსახლ.79,6 ათ. კაცი (1991). ცენტრი – ქ. გალი. XX ს. 90-იან წლებში გ. რ-ში იყო 1 ქალაქი, 91 სოფელი, 25 სოფლის საკრებულო: აჩიგვარის, ბედიის, განახლების, გუდავის (ცენტრი – მეორე გუდავა), დიხაზურგის, ზემო ბარღების, თაგილონის, ლეკუხონის, მზიურის, მუხურის, ნაბაკევის, ოტობაიას (ცენტრი – პირველი ოტობაია), ოქუმის, პირველი გალის (ცენტრი – სამქვარი), რეფო-შეშელეთის (ცენტრი – რეფო-ეწერი), რეჩხის, საბერიოს, სიდის, ფიჩორის, ქვემო ბარღების, ღუმურიშის (ცენტრი – ზემო ღუმურიში), ჩხორთოლის, წარჩის, ჭუბურხინჯის, ხუმუშქურის. 3 მუშათა დასახლება: გუდავის ჰიდრომშენებელთა, პირველი გალისა და ენგურჰესის.

ისტორიული ცნობა. ახლანდ. გ. მ-ის ტერიტორია უძვ. ხანაში კოლხეთის სამეფოში შედიოდა, ადრინდ. ფეოდალურ ხანაში – ეგრისის, შემდეგ – „აფხაზთა სამეფოს“ შემადგენლობაში, XII ს-იდან ოდიშის საერისთავოში იყო, შემდეგ კი – ოდიშის სამთავროში. XVIII ს-იდან ახლანდ. გ. მ-ის ტერიტორია ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპ-ის რამდენიმე სოფელთან ერთად ისტ. სამურზაყანოს წარმოადგენდა. 1805 სამურზაყანოს უდიდესი ნაწილი რუს. მფარველობაში იყო. 1813 აქ სამეგრელოს მთავრის ხელისუფლება დამყარდა, 1840 – რუსული მმართველობა. აფხ. სამთავროს გაუქმების (1864) შემდეგ ახლანდ. გ. მ-ის ტერიტორია სოხუმის ოკრუგში შევიდა (1917-მდე), 1918–20 ერთიანი საქართველოს რ-ნი იყო. 1921–30 საქართვ. ფარგლებში შექმნილ აფხ. სსრ-ში შევიდა ჯერ სამურზაყანოს მაზრის, შემდეგ გალის მაზრის სახელწოდებით, 1931-იდან აფხაზეთის ერთ-ერთი რ-ნია.

ბუნება. გ. მ-ის ჩრდ.-აღმ. ნაწილი მთიანია, სამხრ.-დას. – ვაკე-დაბლობი. მუნიციპ-ის ჩრდ. ნაწილში მდებარეობს საშ. სიმაღლის ინტენსიურად დაკარსტული ოხაჩქუეს და ოსირის ქედები, აგრეთვე აკიბის ქედი, რ-ებიც სამხრ-ით გორაკ-ბორცვიან ზონაში გადადის. ქ. გალის სამხრ.-აღმ-ით აღმართულია ანტიკლინური სერი სათანჯო (506 მ), კიდევ უფრო სამხრ-ით, მდ. ენგურამდე, გადაჭიმულია 20–30 მ სიმაღლის სამურზაყანოს დაბლობი. ზღვის ნაპირის გასწვრივ განვითარებულია დიუნები. მთიანი ნაწილი აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით; უკიდურესი ჩრდ. ზოლი – იურული პორფირიტებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებით; გორაკ-ბორცვიანი ზონის აგებულებაში მონაწილეობს მესამეული კირქვები, მერგელები, თიხები, კონგლომერატები და ქვიშაქვები. სამურზაყანოს დაბლობი აგებულია მეოთხეული რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია თაბაშირის საბადო (ოქუმი).

მუნიციპ-ში ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. სამურზაყანოს დაბლობსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში იცის რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვ. საშ. ტემპ-რა 4–6°C, ივლ. 24°C; აბსოლ. მინ. –12°C, აბსოლ. მაქს. 40°C. ნალექები 1650–1760 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა და შემოდგომაზე (ბოლო წლებში ნალექებმა იმატა, რაც გამოწვეულია მუნიციპ-ის ტერიტორიაზე წყალსაცავების გაშენებით). ხშირია მუსონური ხასიათის ქარები. მთიან ზონაში იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვ. საშ. ტემპ-რა 0–2°C, ივლ. 18–20°C; აბსოლ. მინ. –14°C, აბსოლ. მაქს. 34°C. ნალექები 1600–1800 მმ წელიწადში. ქედების თხემურ ნაწილში ჰაერის ტემპ-რა კიდევ უფრო დაბალია. ნალექები 1800–2000 მმ წელიწადში.

ყველაზე დიდი და წყალუხვია მდინარე ოქუმი. მუნიციპ-ის ტერიტორიაზე გაედინება მდ-ები ერისწყალი, ოხოჯა, ჩხორთოლი, ანარია, გაგიდა და სხვ., ზუგდიდის მუნიციპ-თან საზღვარზე – მდ. ენგურის მნიშვნელოვანი ნაწილი. მდ-ები საზრდოობენ უმთავრესად წვიმის წყლით, მდ. ოქუმი – ნაწილობრივ თოვლის წყლითაც. ბარის მდ-ებს ახასიათებს წყალმოვარდნა მთელი წლის განმავლობაში, მთის მდ-ებს კი – გაზაფხულის წყალდიდობა. ვაკე-დაბლობზე არის ბებესირის ტბათა ჯგუფი. ოხაჩქუეს მასივზე პატარა კარსტული ტბებია. მუნიციპ-ის ტერიტორიაზეა გალის წყალსაცავი.

სამურზაყანოს დაბლობის ზღვისპირა ზოლში, მდ-ებს ენგურსა და გაგიდას შორის, გავრცელებულია ჭაობის ლამიანი ნიადაგი, უფრო ჩრდ-ით, მდ. ერისწყლის შესართავამდე – მდელო-ჭაობის, ზღვიდან 3–4 კმ-ზე (ენგურისა და ოქუმის შუამდინარეთში) ჭაობ-ტორფიანი ნიადაგებია. გორაკ-ბორცვიან ზონაში წითელმიწა, ყვითელმიწა და სუბტროპ. ეწერი ნიადაგებია, კირქვებზე – კორდიან-კარბონატული, აკიბისა და ოხაჩქუეს ქედებზე ტიპური და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებია.

ზღვისპირა სანაპირო ზოლში ფსამოფილური მცენარეულობაა; დიუნებზე იზრდება რძიანა, ლურჯი ნარი, ისლი და სხვ.; ზღვიდან მოშორებით, ძვ. დიუნებზე, გავრცელებულია მაყვალი, ძეძვი, კუნელი, კოწახური და სხვ. დამახასიათებელია ლიანები: კატაბარდა, ღვედკეცი, ეკალღიჭი. მდინარეთა დელტებში ხარობს ქაცვი და იალღუნი, დიდი ბებესირის ტბის მიდამოებში ვხვდებით ენდემურ პონტურ ჰიბისკუსს, რელიქტურ წყლის კაკალს. ჭაობში იზრდება ჭილის რამდენიმე სახეობა, ლაქაში, წყლის ზამბახი, ლელქაში, ლერწამი. დიდი ფართობი უჭირავს მურყნის ტყეს, აქვე ხარობს ლაფანი, თეთრი თუთა, იფანი და სხვ. ქვეტყეში ხშირია მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ბუჩქები: შქერი, იელი, ძახველი; უხვადაა ლიანები. დაბლობისა და მთისწინეთის კოლხური ტყის ძირითადი ედიფიკატორებია ქართული და იმერული მუხა, წაბლი, რცხილა, წიფელი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, მურყანი, თხმელა და სხვ. ბევრია გარეული ხეხილი: ხურმა, ლეღვი, მაჟალო, პანტა, ტყემალი და სხვ. მესამეული ფლორის რელიქტებიდან აღსანიშნავია შქერი, წყავი, ბაძგი, ქაცვი, თაგვისარა; ფოთოლმცვივანი ბუჩქებიდან ხშირია ჯონჯოლი, თხილი, თუთუბო. დიდი რაოდენობითაა ლიანები: სურო, ღვედკეცი, კატაბარდა და სხვ. კოლხური ტყის უმეტესი ნაწილი ამჟამად გაჩეხილია და მისი ადგილი უჭირავს ჩაის პლანტაციებს, ციტრუსებს, ხეხილის ბაღებსა და სიმინდის ყანებს. მუნიციპ-ში ტყის ზედა საზღვარი საშ. 1900–2000 მ-ზე გადის. 700 მ-იდან 1400 მ-მდე ჭარბობს რცხილნარ-წიფლნარი და წიფლნარი. ქვეტყეში არის იელი, წყავი, კავკასიური მოცვი, შქერი, ბაძგი, თაგვისარა; 1200–1400 მ ზემოთ ფართოფოთლოვნებთან ერთად ხარობს წიწვოვნები, განსაკუთრებით სოჭი და ნაძვი, რ-ებიც წიფლნარ-სოჭნარს და სოჭნარ-ნაძვნარს ქმნიან. ტყის ზემოთ სუბალპ. მდელოებია.

დაბლობის ტყეში აქა-იქ ბინადრობენ გარეული ღორი, შველი, ტურა, მელა, კავკასიური თხუნელა და სხვ., ფრინველებიდან – ლელიანის მეჩალია, გრატა, იხვინჯა, მელოტა, ყანჩა და სხვ. შემოდგომაზე მოფრინავენ ტყის ქათმები, მწყერები. არის ჩვეულებრივი და წყლის ანკარა, მდინარის კუ, ბაყაყი, გომბეშო, ვასაკა; თევზებიდან – ენდემური კოლხური კვირჩხლა, კობრი, ღორჯო, ორაგული, კაპარჭინა, შამაია და სხვ. მთის ტყეში ბინადრობენ მგელი, ტურა, მელა, კვერნა, წავი, დედოფალა, მაჩვი, ტყის კატა, შავი და რუხი ვირთაგვა, ძილგუდა, კურდღელი, გარეული ღორი, შველი; ფრინველებიდან – ნიბლია, ჩიტბატონა, წივწივა, წიწკანა, შაშვი, კოდალა, ჩხიკვი, ღაჟო, ნისკარტმარწუხა, ქორი, მიმინო, ძერა და სხვ.; ქვეწარმავლებიდან არის კავკასიური გველგესლა, ხვლიკი, გველხოკერა, კუ და სხვ. მთის მდ-ებში იცის ტობი, კალმახი და სხვ.

ძირითადი ლანდშაფტები ძირითადი ლანდშაფტები: 1. სანაპირო ქვიშიან-ხრეშიანი დიუნები ფსამოფილური მცენარეულობით; 2. დაჭაობებული ვაკე-დაბლობი უმთავრესად მურყნარითა და ლამიან-ჭაობიანი ნიადაგით; 3. სუსტად დახრილი ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპ. ეწერი ნიადაგებით; 4. ბორცვიან-ტერასული მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა, ყვითელმიწა და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით; 5. კარსტული დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარითა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგით; 6. საშ. სიმაღლის მთები წიფლისა და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებით და კორდიან-კარბონატული ნიადაგით; 7. სუბალპ. ტყე-მდელო მთის მდელოს კორდიან-კარბონატული ნიადაგით.

მოსახლეობა მოსახლეობა. 1989 აღწერით გ. რ-ში ცხოვრობდნენ ქართველები (93,8%), აფხაზები (0,8%), აგრეთვე რუსები, უკრაინელები, სომხები, ბერძნები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 200 მ-მდე. საშ. სიმჭიდროვე – 79,4 კაცი 1 კმ²-ზე, ბუნებრივი მატება ყოველ 1000 კაცზე – 6,6 კაცი. მუნიციპ-ის მთელი მოსახლ. 88% ცხოვრობდა სოფლად.

მეურნეობა. გ. მ. ინდუსტრ.-აგრ. რ-ნი იყო. ელექტროენერგეტიკა იძლეოდა მუნიციპ-ის სამრეწვ. წარმოების თითქმის ნახევარს; 8 ჩაის ფ-კა (2 გალის, მზიურის, აჩიგვარის, ნაბაკევის, ჭუბურხინჯის, ოქუმის, ბარღების) და 5 მიკროფაბრიკა, საკონსერვო ქ-ნა, ლიმონათის ქ-ნა, ხის დასამზადებელი და დასამუშ. კომბინატი და სხვ.

სოფ. მეურნ. დარგები: მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მებაღეობა, საკვები კულტურების მოყვანა. 38,9 ათ. ჰა (მუნიციპ-ის მთელი ფართ. 38%) ეჭირა სას.-სამ. სავარგულს.

ჩაისა და ციტრუსების ნარგავების ფართობით მუნიციპ. ერთ-ერთ I ადგილზე იყო საქართველოში. მოჰყავდათ სიმინდი, ეთერზეთოვანი კულტურები, ბოსტნეული. შედარებით სუსტად იყო განვითარებული მევენახეობა. მისდევდნენ მესაქონლეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას.

მუნიციპ-ის ტერიტორიას კვეთს საქართვ. რკინიგზის მაგისტრალი და შავიზღვისპირა საავტ. გზატკეცილი. შიდარაიონული კავშირისათვის მთავარია საავტ. ტრანსპორტი. ადგილ. მნიშვნელობის საავტ. გზების სიგრძე – 458,1 კმ.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. 1990 გ. მ-ში იყო 68 სკოლამდელი დაწესებულება, ყველა სახის 58 ზოგადსაგანმან. სკოლა (13,5 ათ. მოსწ.), მოსწავლეთა სახლი, 2 სამუსიკო სკოლა, სპორტ. სკოლა, მრავალდარგოვანი სასწავლებელი, სას.-სამ. ტექნიკუმი, 64 ბ-კა, გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, აკად. ი. ვეკუას სახლ-მუზეუმი (სოფ. შეშელეთი), 51 საკლუბო დაწესებულება, სახალხო თეატრი, საცხენოსნო სპორტ. კლუბი. რ-ნული გაზ. „გალი“, რადიოფიცირება, ტელეგადაცემები.

მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებოდა 6 საავადმყოფო (540 საწოლი), 126 ექიმი, 528 საშ. მედმუშაკი.

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. გ. მ-ის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: მუხურის ციხე და ეკლესია (განვითარებული შუა საუკ.), დიხაზურგის კოშკი (XVII–XVIII სს.), ნაბაკევის (XV ს.), საბერიოს, ჭუბურხინჯის (ორივე – შუა საუკ.) ეკლესიები, ჭუბურხინჯის მიდამოებში სათანჯოს ციხე (შუა საუკუნეები).

გ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

კ. მგელაძე

შ. ლაშხია

ა. ცინცაძე

თ. ბერაძე