გალობა

გალობა, ვოკალური ხელოვნება (სასულიერო ხასიათის), მიმართული ღმერთის ან წმინდანებისადმი („გალობა არს ჴმა-ავაჯიანი, შეწყობით აღტევებული თჳნიერ ორღანოსა, გინა ორღანოთა და მწყობრითა“ (ს.-ს. ორბელიანი).

საქართველოში გ-ის ორი სახეობაა ცნობილი – საერო და სასულიერო. საერო შეიცავდა სალხინო სუფრისა და სხვა წესთან დაკავშირებულ საგალობლებს, სასულიერო – წმინდანების განდიდებასა და შესხმასთან დაკავშირებულ ჰიმნებსა და საგალობლებს.

ქართ. სას. საგალობლის ორი ტიპი არსებობს: კანონიკური და თვითავაჯიანი. კანონიკური გალობა 9 კანონისაგან შედგება. ესენია: უგალობდეთ, მოიხილე, განძლიერდა, უფალო მესმას, ღამითგან, ღაღადჰყავ, კურთხეულ არს, აკურთხევდით, ადიდებდეთ. გ-ის სახელწოდებებისათვის აღებულია იმ ბიბლიურ გ-თა საწყისი სიტყვები, რ-ებიც საფუძვლად დაედო კანონის გ-ებს. კანონის გ. აგებულია ძლისპირებისა და დასდებელთა თანამიმდევრობაზე, სადაც ძლისპირი არის რიტმულ-მელოდიური მოდელი მომდევნო დასდებლებისათვის.

თვითავაჯიან საგალობლებს ძლისპირები არ გააჩნიათ. მათ ასრულებენ ტექსტის თანხმლები ნევმური ნიშნების მიხედვით.

ლიტ.: ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული, ტ. 3, თბ., 1965; იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 2, თბ., 1948; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.

კ. როსებაშვილი