გამდლისწყაროს განძი

გამდლისწყაროს განძი, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა 1966 სოფ. გამდლისწყაროს მიდამოებში (კასპის მუნიციპ.). გ. გ. ვარაუდით მჭედლის (მდნობელის) მიერ უნდა იყოს მიწაში დაფლული საშიშროების დროს. ნივთების დიდი ნაწილი სამეურნეო დანიშნულებისაა. განძი შეიცავს მრავალნაირ თოხს, რაც შიდა ქართლის ცენტრ. რ-ნში (ტირიფონის ველი) მიწათმოქმედების მაღალ დონეზე მიუთითებს; აღმოჩნდა აგრეთვე ნამგალი, ხელეჩოები, დიდი რაოდენობით ე. წ. სეგმენტისებური იარაღი, სამი სახეობის კოლხური ტიპის ცული, ისრისპირები, წალდის, მახვილისა და სატევრის ფრაგმენტები, სამაჯურები, აბზინდის, მოხატული სარტყლის ნატეხები და სხვ. განსაკუთრებით საყურადღებოა ბრინჯაოს მცირე ზომის უნიკალური ქანდაკება, რ-იც ცხვრის კულტთან და ნაყოფიერების ღვთაებასთან დაკავშირებულ რიტუალურ სცენას გამოხატავს (ფარეხი, ცხვრის ფარა, მეცხვარის ძაღლები, ორფერდა კარავი, სამსხვერპლო, მწყემსები, სარიტუალო ნივთები და სხვ.). ქანდაკება მოწმობს აგრეთვე მეცხვარეობის სამეურნეო მნიშვნელობას. გ. გ-ს დიდი მნიშვნელობა აქვს გვიანდ. ბრინჯაოს ხანაში საქართვ. სამეურნეო ყოფა-ცხოვრების და კულტურის შესწავლისათვის, გვიჩვენებს აღმ. და დას. საქართვ. კულტურათა ურთიერთობას ძვ. წ. II–I ათასწლ. მიჯნაზე და მიუთითებს შიდა ქართლში კოლხ. კულტურის ელემენტების ფართო გავრცელებაზე.

ლიტ.: ქორიძე დ., დავიცვათ და გადავარჩინოთ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1968, № 15.

ე. გოგაძე