გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი

გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, ნ. მუსხელიშვილის სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1956, როგორც საქართვ. მეცნ. აკად. გამოთვლითი ცენტრი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი აკად. გამოთვლითი ცენტრი ყოფილ სსრკ-ში (სსრკ მეცნ. აკად. და უკრ. მეცნ. აკად. გამოთვლითი ცენტრების შემდეგ). გამოთვლითი ცენტრის გახსნის ინიციატორი იყო საქართვ. მეცნ. აკად. მაშინდელი პრეზიდენტი მუსხელიშვილი ნიკო|ნ. მუსხელიშვილი, პირველი დირექტორი – დ. კვესელავა, რ-იც უცვლელად ხელმძღვანელობდა გამოთვლითს ცენტრს გარდაცვალებამდე (1978). 1979 დასაწყისიდან გ. მ. ი-ის დირექტორია ვახანია ნიკოლოზ|ნ. ვახანია. 1977 გამოთვლით ცენტრს მიენიჭა ნ. მუსხელიშვილის სახელი, 1983 სახელწ. შეეცვალა და დაერქვა გ. მ. ი.

გამოთვლითი ცენტრის დაარსებისას გათვალისწინებული იყო, რომ იგი მონაწილეობას მიიღებდა გამოთვლითი მათ. მეთოდების შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებული თეორ. და პრაქტ. საკითხებისა და გამოთვლითი მათ. საჭიროებასთან დაკავშირებული ზოგადი მათ. პრობლემების დამუშავებაში. გათვალისწინებული იყო აგრეთვე იმ დროს რესპუბლიკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხების გადაწყვეტა, ამ ამოცანებს ინ-ტმა წარმატებით გაართვა თავი.

დიდია გ. მ. ი-ის როლი ჩვენს რესპუბლიკაში ელექტრონული გამოთვლითი ტექნ. ათვისებასა და მისი გამოყენების ტრადიციების დამკვიდრებაში. სწორედ აქ ამოქმედდა რესპუბლიკაში პირველი ელექტრონული გამოთვლითი მანქანა, შეიქმნა პირველი პროგრამები გამოთვლითი მანქანებისათვის, დაიწერა პირველი ნაშრომები დაპროგრამების დარგში, შესრულდა პირველი სამუშაოები პრაქტ. მნიშვნელობის მქონე კონკრეტული ამოცანების გამოთვლითს მანქანებზე ამოსახსნელად.

პერიოდულად ქვეყნდება ინ-ტის თანამშრომელთა სამეცნ. ნაშრომების კრებულები, თანამშრომელთა სამეცნ. პროდუქცია იბეჭდება უცხოეთის წამყვან სამეცნ. ჟურნალებშიც, ქვეყნდება მონოგრაფიები, თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას საერთაშ. სამეცნ. ფორუმების მუშაობაში. გ. მ. ი. არაერთგზის ყოფილა საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებათა ორგანიზატორი. თანამშრომლობს ჩვენი ქვეყნის და საზღვარგარეთის წამყვან მეცნიერებთან.

გ. მ. ი. ეხმარება საქართვ. მეცნ. აკად. ბევრ სამეცნ. დაწესებულებას (მ. შ. ჰუმანიტარული პროფილისასაც) გამოთვლითი მათ. მეთოდების, გამოთვლითი ტექ. საშუალებების, ინფორმაციის ორგანიზებისა და დამუშავების თანამედროვე ხერხების გამოყენებაში. გ. მ. ი. არის საქართვ. მეცნ. აკად. გამოთვლითი ქსლის პროექტის წამყვანი დაწესებულება (ხელმძღვ. – ლ. კიკნაძე). გ. მ. ი-ის ბაზაზე მუშაობს საქართვ. მეცნ. აკად. სამეცნ.-სასწ. კომპლექსი კომპიუტერული სწავლების დარგში (ხელმძღვ. – მ. წულაძე). ინ-ტში გახსნილია თბილ. სახელმწ. უნ-ტის საბაზო კათედრა ელექტრონული გამოთვლითი მანქანების პროგრამული უზრუნველყოფის დარგში (ხელმძღვ. – ე. დეკანოსიძე). 1976-იდან ფუნქციონირებდა საკანდიდატო დისერტაციების დასაცავი სპეციალიზებული საბჭო. მის ნაცვლად 1992-იდან შეიქმნა სამეცნ. საატესტაციო (სადოქტორო) საბჭო სამი სპეციალობით (ალბათობის თეორია და მათ. სტატისტიკა, გამოთვლითი მათემატიკა, გამოთვლითი მანქანებისა და სისტემების მათ. და პროგრამული უზრუნველყოფა). ამჟამად ინ-ტში სამეცნ.-კვლ. მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: წრფივ სივრცეში ალბათურ განაწილებათა თეორია; აპროქსიმაციის თეორიის საკითხები; სინგულარულ ინტეგრ. განტოლებათა, მათ. ფიზ. დიფერენციალურ განტოლებათა და მექან. ამოცანების რიცხვითი ამოხსნა; ოპტიმიზაციის ამოცანების რიცხვითი ამოხსნა; გამოთვლითი მანქანებისა და სისტემების მათ. და პროგრამული უზრუნველყოფა.

ნ. ვახანია