ბრეგვაძე ბაჩანა იოველის ძე (11. II. 1936, სოფ. სხვავა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 14. II. 2016, თბილისი), მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. დოქტ. (1996), პროფ. (1996), საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად. (2013). ი. მაჩაბლის სახ. პრემიის ლაურეატი (1980). თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1960). მუშაობდა თსუ-ის კლასიკ. ფილოლ. კათედრაზე (1961–66), 1966–73 – ქართ. ენციკლოპედიის ენისა და ლიტ-რის რედაქციაში, უფროს სამეცნ. რედაქტორად. მწერალთა კავშირთან არსებული მხარტვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის მხატვრული თარგმანისა და „რუსთაველის ბიბლიოთეკის გამგედ (1973–94), აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ბიზანტინოლოგიის განყ-ბაში (2001–06), 1999-იდან ფილოს. ინ-ტში.
მისი პირველი თარგმანები გამოქვეყნდა 1960-იანი წწ. დასაწყისში: გ. მისტრალის მინიატიურები, ა. მაჩადოს, ხ. რ. ხიმენესის, ფ. გარსია ლორკას პოეტური ნაწარმოებები, აგრეთვე ნაწყვეტები პლოტინის „ენეადებიდან“.ბ-ს ეკუთვნის მთარგმნელობითი ხელოვნ. უმაღლეს დონეზე შესრულებული თხზულებები: პლატონის წიგნები: „ნადიმი“ (1964–2020), „ფედონი“ (1965–2020), „იონი“, „დიდი ჰიპია“, „მენონი“ (1972, 2020), „კრიტონი“. ცალკე წიგნებად გამოსცა აგრეთვე დანტეს „ახალი ცხოვრება“ (1966, თ. ჩხენკელთან ერთად), მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“ (1981, 2008, 2014), ფსევდოლონგინეს „ამაღლებულისათვის“ (1975), არისტოტელეს „პოეტიკა“ (1976), ბლეზ პასკალის „აზრები“ (1981, 2 ტომად 1994, 2016), პოლ ვალერის „რჩეული პროზა“ (1983), „აზრები“ (2015), ნიკოლო მაკიაველის „მთავარი“ (1984, 2019), ჰ. იბსენის „დრამები“ (1988, 1994), „ახალი აღთქმა“ (ბიბლია, 1989, 2020), ფ. დე ლაროშფუკოს „მაქსიმები“ (1991), ხოსე ორტეგა ი. გასეტის „ხელოვნების დეჰუმანიზაცია“ (1992) და „მასების ამბოხი“ (1993), ა. ბერგსონის „ცნობიერების უშუალო მონაცემები“ (1993), ა. შოპენჰაუერის „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები“ (1993), პოლ ვალერის „სულის კრიზისი“ (1994), პლატონის „ტიმეოსი“ (1994, 2020), მიგელ დე სერვანტეს საავედრას „დონ კიხოტი“ (1994, 2010, 2014). ავტორია მნიშვნელოვანი ესეებისა „მიქელანჯელოს პოეზია“ (1979), „ბლეზ პასკალი“ (1985), „სოკრატე“ (1988), „თხზულებანი“ – 4- ტომეული (2011–12), პოლ ვალერი „აზრები“ (2015), „ვეფხისტყაოსანი“ – პროზ. ვერსია (2013 და სხვ.).
ლიტ. გემოვნება და ერუდიცია თვალნათლივ ვლინდება ბ-ის გამჭვირვალე, ცხად და რაფინირებულ ენობრივ სტილში, რაც ბუნებრივი შედეგია სათარგმნი ნაწარმოების აზრისმიერი და მხატვრული ინტუიციური წვდომისა. ბ-ის წიგნებს ახლავს ღრმა და რთული პრობლემატიკის შემცველი მისივე წინასიტყვაობები და კომენტარი.
დაჯილდოებულია ღირსების 2 ორდენით (1995, 2006). სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს წმ. გიორგის ოქროს ორდენი, ი. ჭავჭავაძის, საბას (ორგზის) და სხვ. პრემიები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
თხზ.: ბოლო წლების ჩანახატები, თბ., 2010; თხზულებანი 4 ტომად, თბ., 2011–12.
ლიტ.: ბაჩანა ბრეგვაძე, ბიობიბლიოგრაფია, თბ., 2016.
თ. ჩხენკელი