ბლაიხშტაინერი (Bleichsteiner) რობერტ (1891, ავსტრია, ვენა, – 1954, ‒ იქვე), ავსტრიელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი; ვენის უნ-ტის პროფესორი.
ვენისა და გრაცის უნ-ტებში სწავლობდა ეთნოგრაფიას, ისტორიას, აღმოსავლურ და კავკ. ენებს; თავისუფლად ფლობდა ქართ. და სომხ. ენებს. იკვლევდა ქართველურ ენებს და მათ დიალექტებს. აგრძელებდა ჰ. შუხარდტის საენათმეცნ. სკოლის ტრადიციებს. ბ-ს ეკუთვნის ფრიად საყურადღებო ნაშრომები კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის დარგში, ეთნ. და ლიტ-რის პრობლემურ საკითხებზე: „კავკასიელ ხალხთა და ენათა მიმოხილვა“, „ქართული ბალადა ამირანზე“ (ორივე 1918), „ქართული ანდაზები, გამოცანები, თქმულებები და ზღაპრები თარგმანით, კომენტარებით, ტრანსკრიფციითა და ლექსიკონითურთ“ (გამოიცა 1919 ვენაში ქართ. და გერმ. ენებზე), „ნარკვევები ქართველთა ტომის – გურულების ენისა და ეთნოგრაფიის შესახებ“ (1931 – 32), „კავკასიურ ენათა ჯგუფი“ (1937), „ვეფხისტყაოსანი – მე-12 საუკუნის ქართული მინეზინგური პოემა“ (1940), „დიდი ქართველი პოეტი – ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1945), „ქართული ლიტერატურა“ (1948), „ქართველი ხალხი“ (1949), „საქართველო გუშინ და დღეს“ (1950). ბ-მა გერმანულად თარგმნა ვეფხისტყაოსნის ხალხ. ვერსია, გამოსცა კრებ. „ახალი ქართველი პოეტები“ (1946), რ-შიც შევიდა ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ვ. გაფრინდაშვილის, ა. აბაშელისა და სხვ. ნაწარმოებები; ცალკე გამოსცა დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ (1947). გამოუქვეყნებელი დარჩა გ. ჩოლოყაშვილის „ხილთა ქება“ და შ. არაგვისპირელის მოთხრობები.
1950 ბ. სტუმრად იყო საქართველოში და თავისი შთაბეჭდილებები („სტუმრად თბილისის უნივერსიტეტში“) გამოაქვეყნა ვენის უნ-ტის გაზეთში. აღსანიშნავია, რომ ბ-მა აღზარდა ქართველოლოგი ფრიდრიხ კარლ ნაისერი (Neisser; ფაშისტების ოკუპაციის დროს თავი მოიკლა), რ-ის სადოქტორო დისერტაცია „სიტყვათწარმოქმნა ქართულში“ ბ-ის წინასიტყვაობითა და გ. დეეტერსის რედაქციით გამოიცა ქ. ვისბადენში 1953. მთის იბერიულ-კავკ. ენათა შესახებ დაწერილ რამდენიმე ნაშრომში ბ. ცდილობდა დაედგინა მათი მიმართება სხვა ენებთან (ბასკური, პამირის ენები).
თხზ.: Eine georgische Ballade von Amirani, «Berichte des Forschungsinstituts für Osten und Orient», 1918 [Bd.] 2; Beiträge zur Sprach- und Volkskunde des georgischen Stammes der Gurier, «Caucasica», 1931 – 32, [v.] 7 – 9; Die kaukasische Sprachgruppe, «Anthropos», 1937, Bd. 32; Der Mann in Pantherfell. Ein georgischer Minnesang aus dem 12. Jahrh., «Asienberichte», 1940, [Bd.] 5; Der große georgische Dichter Nikolos Barataschwili, «Die Brücke», 1945, № 1, 6 – 7; Die Literatur Georgiens, იქვე, 1948, № 3; Das Volk der Georgier, იქვე, 1949, № 4.
გ. თოფურია
ვ. კახნიაშვილი