ბლანკოფი ჟან

ბლანკოფი (Blankoff) ჟან (დ. 21. V. 1931, ბრედენი, ბელგია), ბელგიელი მეცნიერი, სლავისტი, დოქტორი (1970), ევრ. ხელოვნ. და ლიტ-რის მეცნ. აკად. წევრი (1986).

1956-მდე სწავლობდა ბრიუსელის უნ-ტში, შემდეგ ორი წლის განმავლობაში ჰარვარდის უნ-ტის (აშშ) სლავისტიკის ფაკ-ტზე პროფ. რ. იაკობსონის ხელმძღვანელობით. ბელგიაში დაბრუნების შემდეგ უნ-ტში ასწავლიდა რუსულს, ეწეოდა აქტ. სამეცნ. მუშაობას რუსეთის ძვ. ხელოვნების, ლიტ-რის, ბიზანტ. ხელოვნ. დარგში. 1974 მონაწილეობდა ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ I საერთაშ. სიმპოზიუმში (ბერგამო, იტალია), მომდევნო სიმპოზიუმებში მონაწილეობდა როგორც მომხსენებელი. გამოაქვეყნა წერილები თანამედროვე ქართ. ხელოვნების თაობაზე (დ. კაკაბაძეზე, ლ. გუდიაშვილზე, გ. და ი. ოჩიაურებზე).

თავის მეუღლესთან გოლდი ბლანკოფ-სკართან ერთად დააარსა ფრანგულენოვანი ასოციაცია „ბელგია–საქართველო“ და მისი საინფორმაციო ბიულეტენი, რ-შიც გამოქვეყნდა ცნობები საქართვ. დღევანდელი ვითარების შესახებ, საქართვ. კულტურული ცხოვრების ქრონიკა, ილუსტრაციები (პორტრეტები, ხელოვნ. ნიმუშები და სხვ.). სიმპოზიუმებზე წაკითხულ მოხსენებათაგან აღსანიშნავია: „ირმის სახე ევრაზიის ხელოვნებაში. ირემი ქართულ ხელოვნებაში და სხვა ცივილიზაციებში“, „სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ქართული ნახევარმთვარეების გამოსახულებები და მთვარის სიმბოლიკა შუა საუკუნეების ევროპაში“, „საფასადო რელიეფები ქართულ, რუსულ და დასავლურ ხელოვნებაში“.

ვ. ბერიძე