ბრეჟნევი ლეონიდ ილიას ძე (19. XII. 1906, სოფ. კამენსკოე, უკრაინა, – 10. XI. 1982, მოსკოვი), კომუნისტური პარტიის და საბჭოთა სახელმწიფოს მოღვაწე, სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი (1966), სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რე (1960 – 64, 1977-იდან), საბჭ. კავშირის მარშალი (1976), სოციალ. შრომის გმირი (1961), საბჭ. კავშირის ოთხგზის გმირი (1966, 1976, 1978, 1981). სკკპ წევრი 1931-იდან. დაამთავრა დნეპროძერჟინსკის მეტალ. ინ-ტი (1935). 1937-იდან საბჭ. და პარტ. სამუშაოზე იყო. 1941–45 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში როგორც პოლიტმუშაკი. 1946-იდან უკრ. კპ ზაპოროჟიეს, 1947-იდან – დნეპროპეტროვსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1950–52 მოლდ. კპ ცკ-ის პირველი მდივანი. 1952–53, 1956–60, 1963–64 სკკპ ცკ-ის მდივანი. 1964–66 – სკკპ ცკ-ის პირველი მდივანი. 1952-იდან სკკპ ცკ-ის წევრი, 1957–66 სკკპ ცკ პრეზიდიუმის წევრი. 1966-იდან სკკპ ცკ პოლიტბიუროს წევრი. სსრკ თავდაცვის საბჭოს თავ-რე (1977). ორჯერ – 1971 წ. 14. V და 1981 წ. 22. V ჩამოვიდა საქართველოში საქ. სსრ და საქ. კპ 50 და 60 წლისთავებისადმი მიძღვნილ ზეიმებზე.
ბ-ის საერთ. ავტორიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა საბჭოთა სამხედრო ინტერვენციამ ჩეხოსლოვაკიაში 1968. XX ს. 70-იანი წლების პირველ ნახევარში ცდილობდა გაეტარებინა ე. წ. განმუხტვის პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებთან, უპირველესად აშშ-თან. ამ პოლიტიკის დასასრულად ითვლება საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში (1979).
ბ-ის მმართველობის ბოლო წლები ცნობილია „ზასტოის“ (застой) სახელწოდებით. იმძლავრა ნეგატიურმა პროცესებმა ეკონომიკაში, საზ-ბის ცხოვრების სოც. და სულიერ სფეროებში.
დაჯილდოებულია სსრ კავშირისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორდენებითა და მედლებით.