ბრესტის ზავი 1918

ბრესტის ზავი 1918, ორმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულება, ერთი მხრივ, რუსეთსა და, მეორე მხრივ, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის. ხელი მოეწერა 1918 წ. 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში (ახლანდელი ბრესტი). საზავო ხელშეკრულება შედგებოდა 14 მუხლისა და სხვადასხვა დამატებებისაგან, აგრეთვე 2 დასკვნითი ოქმისა და 4 დამატებითი ხელშეკრულებისაგან. რატიფიცირებულ იქნა სრულიად რუსეთის საბჭოების საგანგებო IV ყრილობის მიერ 15 მარტს; გერმანიის რაიხსტაგმა მოიწონა 22 მარტს და რატიფიცირებულ იქნა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის მიერ 26 მარტს.

ბ. ზ-ის პირობები უმძიმესი იყო საბჭოთა რუსეთისათვის. საზავო მოლაპარაკება მისთვის უკიდურესად გართულებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. კაიზერული გერმანია ამით სარგებლობდა და ზავის პირობებს თანდათან ამძიმებდა, რის გამოც მოლაპარაკება არაერთხელ შეწყდა. ზოგიერთი საბჭოთა ლიდერი ამ ზავის წინააღმდეგი იყო, თუმცა ვ. ლენინს იგი საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მიაჩნდა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით რუსეთს ჩამოსცილდა პოლონეთის, ლიტვის (ახლანდ. ლიეტუვა), ბელორუსიისა და ლიფლანდიის (ახლანდ. ლატვია) ნაწილი. ამასთან ერთად საბჭოთა რუსეთს თავისი ჯარები უნდა გამოეყვანა ლიფლანდიიდან და ესტლანდიიდან (ახლანდ. ესტონეთი), რ-თა ადგილი კაიზერული გერმანიის ჯარებს უნდა დაეკავებინათ. გერმანია ინარჩუნებდა რიგის ყურის დიდ ნაწილს და მოონზუნდის კუნძულებს. გარდა ამისა, საბჭოთა ჯარებს უნდა დაეტოვებინათ უკრაინა, ფინეთი, ალანდის კუნძულები, აგრეთვე არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები, რ-ებიც თურქეთს გადაეცემოდა. საბჭოთა რუსეთი ამ საზავო ხელშეკრულებით მთლიანად კარგავდა 1 მლნ. კვ. კმ-ს. ამავე დროს ხელშეკრულება ავალდებულებდა რუსეთს, მოეხდინა არმიისა და ფლოტის მთლიანი დემობილიზაცია, მ. შ. საბჭოთა ხელისუფლების დროს ფორმირებული ნაწილებისაც. მასვე უნდა ეცნო უკრაინის ცენტრალური რადის გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან დადებული ხელშეკრულებები და თავის მხრივ დაედო საზავო ხელშეკრულება რადასთან, დაედგინა საზღვრები რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს ხელშეკრულება რატიფიკაციის შემდეგ ასევე ითვალისწინებდა დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების განახლებას რუსეთსა და გერმანიას, აგრეთვე ოთხთა კავშირში შემავალ სახელმწიფოებთან. ასევე სპეციალური დამატებებით განსაზღვრული იყო ეკონ. ურთიერთობები. საბჭოთა რუსეთი სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობებში გერმანიას განსაკუთრებულ შეღავათებს უწესებდა.

კავკასიის საკითხი მოლაპარაკების დროს პირველად 1918 წ. 18 იანვარს დაისვა. გერმანიის მხარეს აინტერესებდა, რჩებოდა თუ არა ამიერკავკასია საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. დადებითი პასუხის მიღებისთანავე, გერმანიის მოკავშირე თურქეთმა პრეტენზიები გამოთქვა ყარს-არდაგან-ბათუმის ოლქებზე იმ საბაბით, რომ ეს ტერიტორია 4 საუკუნის განმავლობაში მას ეკუთვნოდა და 1878 ბერლინის ტრაქტატით იძულებით წაართვეს. თურქეთის ამ პრეტენზიებს მხარი დაუჭირა გერმანიამაც. ამ ტერიტორიების თურქებისათვის გადაცემა რომ უფლებრივად შეემაგრებინათ, მისმა წარმომადგენლებმა წინადადება წამოაყენეს ამ ოლქებში რეფერენდუმის ჩატარებაზე.

ბრესტის საზავო მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიიდან არავინ მიუწვევიათ. ასე რომ ქართული და სომხური მიწა-წყლის გაცემის საკითხი რუსეთმა ქართველი და სომეხი ხალხების დაუკითხავად, მათი ნების გარეშე გადაწყვიტა. ზავის მეოთხე მუხლის თანახმად ოსმალეთის ხელში გადადიოდა არდაგანის, ყარსის ოლქები და აჭარა ბათუმითურთ. თბილისში ამ გარიგების შესახებ 1918 წ. 2 მარტს შეიტყვეს. იმავე დღეს ამიერკავკასიის სეიმისა და მთავრობის სახელით კ. ჩხეიძემ და ე. გეგეჭკორმა საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობეს, რომ არ ცნობდნენ ბ. ზ-ის ამ უკანონო გადაწყვეტილებას.

მიუხედავად ბ. ზ-ის პირობების სიმძიმისა, საბჭოთა რუსეთმა თავი დააღწია პირველ მსოფლიო ომს, უზრუნველყო აუცილებელი შესვენება, რ-იც ბოლშევიკური ხელისუფლების განმტკიცებისა და წითელი არმიის შესაქმნელად გამოიყენა.

გერმანიაში დაწყებულმა 1918 ნოემბრის რევოლუციამ დაამხო იმპერატორ ვილჰელმ II-ის ხელისუფლება და კომპიენის დაზავებით გერმანიამ უარი თქვა ამ ხელშეკრულებაზე. თავის მხრივ 1918 წ. 13 ნოემბერს რუსეთის ცაკ-მა გააუქმა ბ. ზ., ანუ ხელშეკრულებამ სულ 9 თვე იარსება. უფრო ადრე კი, 1918 წ. 20 სექტემბერს გაუქმდა რუსეთ-თურქეთს შორის ბრესტ-ლიტოვსკში დადებული ხელშკრულება.

ლიტ.: ანთია ე., ბრესტ-ლიტოვსკის ზავი და საქართველო, ჟურნ. ,,ინტელექტი“ 2(5), თბ., 1999; გოგოლაძე ი., ბრესტის ზავის შედეგები და საქართველო, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი ავტორეფერატი, თბ., 2006; ვადაჭკორია შ., ბრესტის საზავო ხელშეკრულება და ქართული პოლიტიკური აზრი 1918 წელს, ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები II, თბ., 2008; სვანიძე მ., ბრესტის ზავი და საქართველო, საქართველოს დიპლომატია, წელიწდეული 3, თბ., 1996; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ. I, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 1997; ჯანელიძე ო., საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბ., 2009; Верт Н., История Советского Государства, М., 1998; Георгиева Н. Г., Георгиев В. А., История России, учебное пособие, М., 2006; Чубарян А. О., Брестский Мир, М., 1964; Щетинов Ю. А., История России, М., 1998; Хоскинг Дж., История Советского Союза, М., 1995; Brittanica Online Encyclopedia, XX th century international relations, (World War I, 1914-1918); https://www.Britannica.com/topic/20th-century-international-relations-2085155.

ა. სურგულაძე

 პ. სურგულაძე