ბრეძა, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. დასავლეთის ფრონის (ფცის მარჯვ. შენაკადი; მტკვრის აუზი) მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ატოცი, გულიკაანთუბანი, კოდა, საციხური, ჭვრინისი). ზ. დ. 710 მ, ქარელიდან 25 კმ, აგარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 496 მცხ. (2014).
სოფლის შუაში ერთმანეთის მახლობლად დგას 2 დარბაზული ეკლესია. ერთი მოზრდილი ზომისაა და ეწოდება „ზღუდერი“. მას სამ მხარეს მინაშენი ჰქონდა, რ-იც საძირკვლამდეა დანგრეული. ეკლესია ძლიერ არის გადაკეთებული. ძვ. ნაწილები ნაგებია მუქი შინდისფერი თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი დღეს მხოლოდ ერთია – სამხრ. მხარეს, კარი ჩრდ-ით და დას-ითაც ყოფილა, მაგრამ ამოშენებულია. დას. ფასადის ცენტრში ქვაზე ამოკვეთილია განედლებული ჯვარი, რ-ის ორივე მხარეს ორნამენტული ვარდულებია ჩასმული. ინტერიერი დაყოფილია მძლავრი პილასტრებით, რ-თა შორისაც ღრმა უბეებია შექმნილი. საკურთხეველი ნახევარწრიული ფორმისაა. ეკლესიას აზიდული პროპორციები აქვს. ძეგლი X ს-ს მიეკუთვნება (2017 განხორციელდა ძეგლის მცირე რეაბილიტაცია). მეორე – წმ. მარინეს ეკლესია – შედარებით მცირე ზომისაა. ნაგებია უხეშად გათლილი ქვით. შიგნით კედლები შელესილი იყო. საკურთხეველში შემორჩენილია გვიანდ. მოხატულობის ფრაგმენტები. აღმ. ფასადზე ვიწრო სარკმელს აქვს ქვაში ამოღარული თაღოვანი წარბი. ნაგებობა VIII–IX სს-ით თარიღდება.
სოფლის ჩრდ.-დას-ით, მთაზე არის შუა საუკ. ნასოფლარი და მცირე ზომის სწორაფსიდიანი დარბაზული ეკლესია „კვირაცხოველი“. ნაგებობის სახურავი მთლიანად ჩამონგრეულია. კედლები გარედან მოპირკეთებულია სხვადასხვა ფერის ბაზალტის კარგად დამუშავებული დიდი კვადრებით. შესასვლელი სამია – დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის (ამოშენებულია). ინტერიერში გამოყენებულია დაუმუშავებელი ქვები. კედლები შელესილია, მოხატულობის კვალი არ ჩანს. ეკლესიის შიგნითა სივრცე პილასტრებით სამ მონაკვეთად არის დაყოფილი. საკურთხევლის კონქისგან დარჩენილია მხოლოდ სწორკუთხედიდან მრუდზე გადასასვლელი ტრომპების ფრაგმენტები. ძეგლს არც ორნამენტული მორთულობა და არც პროფილირებული დეტალები არა აქვს შერჩენილი. 1950 ბ-იდან ქართ. ხელოვნ. ისტ. ინ-ტში გადაიტანეს ქვა რელიეფური გამოსახულებით და ტრომპის ნაწილი. გამოსახულებას თან ახლავს ასომთავრული რელიეფური წარწერა, რ-შიც მოხსენიებულია ამ ეკლესიის მშენებელი, ვინმე სუმბატი. ძეგლი X ს. II ნახევრით თარიღდება.
ლიტ.: Ч у б и н а ш в и л и Н. Г., Зедазени, Кликис Джвари, Гвиара, «ქართული ხელოვნება», სერია A, 1971, ტ. 7.
თ. სანიკიძე