ბრეხტი (Brecht) ბერტოლტ (10. II. 1898, აუგსბურგი, – 14. VIII. 1956, ბერლინი), გერმანელი დრამატურგი, რეჟისორი, მწერალი, ხელოვნ. თეორეტიკოსი. მის სახელთანაა დაკავშირებული XX ს. თეატრ. ხელოვნებაში ერთ-ერთი აღიარებული სახეობის – „ეპიკური თეატრის“ თეორია და პრაქტიკა. სცენაზე განსახიერებული პიესების რაოდენობის მიხედვით ბ-ს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. მისი პოპულარული პიესებიდან გამოვყოფთ „კავკასიურ ცარცის წრეს“, რ-ის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი (1975, რეჟ. რ. სტურუა, თარგმ. გ. და კ. ჯორჯანელებისა) დიდი წარმატებით დამკვიდრდა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის რეპერტუარში. სპექტაკლმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში თეატრის საგასტროლოდ მოგზაურობის დროს. ეს ეპიკური პიესა, პიესა-პარაბოლა, „გაუცხოების“: მხატვრული მანერითაა დაწერილი; ქართ. სპექტაკლი ეპიკური თეატრის ქართ. „მოდელია“, რ-იც ეროვნ. ტრადიციებს მიჰყვება. პიესა ბ-მა გამოაქვეყნა ჟურნ. „ზინნ უნდა ფორმში“ („Sinn und Form”, 1949). 1954 მან საბოლოო შესწორებები შეიტანა პიესაში, რ-საც ავტორისეული რემარკებისა და აღნიშნული ცვლილებების წყალობით თითქოს ერთგვარი ქართ. ელფერიც დაჰკრავს. მაგრამ იმის თქმა, რომ დრამატურგი იცავს ისტ. კოლორიტს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია (ამერ. მეცნ. ბეტი ვებერი ცდილობს პიესის პერსონაჟთა გვარები საქართვ. ისტ. ცნობილ პიროვნებებს დაუკავშიროს). „გაუცხოების“ პრინციპების დამცველ ბ-ს ეს სრულიად არ აინტერესებდა. მისთვის მთავარია მოქმედების გადატანა უცხო, ეგზოტიკურ გარემოში. ქართ. სპექტაკლმა ბ-ის ეპიკური თეატრის ბევრი ნიშან-თვისება შეინარჩუნა: თხრობის, ჩვენების, პირდაპირი თქმის შემცველი სცენები, ავტორისეული რემარკები, ლირ. ჩანართები, ნიღბები, შუქ-ჩრდილები, კინოეფექტები, მიკროფონი და სხვ.
ბ-ის სხვა პიესებიდან თბილ. სცენაზე დაიდგა „სამგროშიანი ოპერა“ (1964, რეჟ. დ. ალექსიძე, მოგვიანებით დადგა აგრეთვე „მეტეხის“ ახალგაზრდულმა თეატრმა), „სეჩუანელი კეთილი კაცი“ (1969, რეჟ. რ. სტურუა) – შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში, „დედა კურაჟი და მისი შვილები“ – გლდანის სახალხო თეატრში (ახლანდ. თბილ. ა. ახმეტელის სახ. დრამ. თეატრი, რეჟ. ი. კაკულია), „სიმონა მაშარის სიზმრები“ – მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში. ბ-ის პიესები თარგმნეს ნ. დოჭვირმა, ნ. რუხაძემ, გ. და კ. ჯორჯანელებმა. ბ-ის შემოქმედებასა და თეატრზე წერილები, რეცენზიები და შრომები ეკუთვნით ლ. ბრეგაძეს, ნ. გურაბანიძეს, ა. გელოვანს, ნ. კაკაბაძეს, ნ. კაკაურიძეს, ზ. ჭარხალაშვილს და სხვ. 1971 თბილისში საგასტროლოდ იყო ბ-ის „ბერლინერ ანსამბლი“, რ-მაც წარმოადგინა სპექტაკლები „სამგროშიანი ოპერა“ და „კორიოლანუსი“.
თხზ.: პიესები, თბ., 1986; მოთხრობები, თბ., 2005; ვიგინდარა, ნოველები, თარგმნა ხ. თოდუამ, „ცისკარი“, 2017, № 11.
ლიტ.: ბ ე რ ი ა შ ვ ი ლ ი დ., ბერტოლდ ბრეხტის დრამის „ეპიკური“ გადამუშავების პრინციპი, დის. ფილ., მეცნ. კანდ., თბ., 1995; ჭ ა რ ხ ა ლ ა შ ვ ი ლ ი ზ., ბერტოლდ ბრეჰტის „ეპიკური“ დრამა და თეატრი, თბ., 1986.
ზ. ჭარხალაშვილი