ბრიანი არისტიდ (28. III 1862, ნანტი, – 7. III. 1932, პარიზი), ფრანგი პოლიტიკოსი. თერთმეტჯერ იყო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, 26-ჯერ – მთავრობის წევრი. საერთაშ. მუშათა ინტერნაციონალის ფრანგული სექციისა და რესპ.-სოციალ. პარტიის ლიდერი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1926). იბრძოდა სახელმწიფოსგან ეკლესიის საბოოლოდ გამოყოფისათვის. მისი პოლიტიკა მიმართული იყო მოქალაქეთა სოც. დაცვის უზრუნველყოფისკენ.
ბ-მა იდეოლოგიური სიმპათიებიდან გამომდინარე, საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის მხარდამჭერი მნიშვნ. ნაბიჯები გადადგა. იგი თავისი პოლიტიკით იყო მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე იურედ აღიარების მთავარი ინიციატორი და ლობისტი. 1921 იანვარში მან ოფიციალური წარმომადგენელი მიავლინა ლონდონში საქართველოსათვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შესამუშავებლად. საბოლოოდ 1921 მარტში საფრანგეთმა კონსტანტინოპოლის იარაღის მარაგებიდან საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკას შეიარაღების მცირე ნაწილი გადასცა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართვ. დემოკრ. რესპ. ოკუპაციის შემდეგ ბ. დარჩა საქართველოსა და კავკასიის დამოუკიდებლობის იდეის მხარდამჭერად; ის რამდენჯერმე შეხვდა კავკ. რესპუბლიკათა წარმომადგენლებს და ერთიანი მოქმედებებისკენ მოუწოდა, 1922 იანვარში კანში გამართულ ანტანტის საბჭოს სხდომაზე, რ-საც ბ. ხელმძღვანელობდა, მიიღეს რეზოლუცია, რ-იც ამიერკავკასიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვდა.
ლიტ.: ს ა რ ა ლ ი ძ ე ლ., არისტიდ ბრიანი და კავკასიის გაერთიანების იდეა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები ტ. XII, 2017.
ი. ირემაძე