ბრიერი (Brière) მორის (1. IX. 1881 – 11. III. 1960), ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი. განათლებით მათემატიკოსი.
ქართ. ენა შეისწავლა პარიზში, აღმოსავლური ცოცხალი ენების სკოლაში, სადაც 1926–28 ისმენდა ნ. მარის ლექციებს. ნ. მარის თანაავტორობით ფრანგ. ენაზე გამოაქვეყნა ქართ. ენის სახელმძღვანელო (პარიზი, 1931), ნ. მარისა და ბ-ის ერთობლივ ნაშრომში, განსხვავებით ნ. მარის 1908 ძვ. ქართ. ენის გრამატიკის ძირითადი ცხრილებისა და 1925 ძველი სალიტ. ქართულის გრამატიკისაგან, ზოგი მოვლენა სხვაგვარადაა კვალიფიცირებული: ქართ. ენაში არ დასტურდება მ-ს გაორმაგება, არ ივარაუდება Ⴧ და გრძელი ხმოვნები; თანხმოვანთა პარადიგმული ცხრილი უფრო პროპორციულია, ვიდრე ნ. მარის წინა ნაშრომებში: ცნობილ კვადრატში წინაენისმიერი აფრიკატები გადატანილია სიბილანტების მხარეს, ხოლო უკანაენისმიერი აფრიკატები – სპირანტების მხარეს; კვადრატის გარეთ ჰომორგანული თანხმოვნები ცალ-ცალკეა წარმოდგენილი და არა ანტიპოდების სახით...
1936 ბ. იყო თბილისში. გამოსცა რამდენიმე ძვ. ქართ. ტექსტი, მ. შ. „შატბერდის კრებულიდან“ (1954). რ. ბლეიკის გარდაცვალების შემდეგ ბ-მა მუშაობა განაგრძო ქართ. ძველი აღთქმის გამოცემებზე – წინასწარმეტყველთა წიგნებზე (პარიზი, 1961). 25 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქართ. ენას პარიზის კათოლ. ინ-ტის ძვ. აღმოსავლური ენებისა და აღმოსავლური ცოცხალი ენების სკოლაში. აქვეყნებდა სირ. ტექსტებსაც.
ლიტ.: შ ა ნ ი ძ ე ა., პროფესორი მორის ბრიერი, «ლიტერატურული გაზეთი», 1960, 6 მაისი, № 19.
მ. შანიძე
თ. უთურგაიძე