ბრინკოვიანუ (Brîncoveanu) კონსტანტინ (1654 – 26. VIII. 1714). ვლახეთის გოსპოდარი 1688-იდან. 1703 დიპლ. ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, რ-ის დახმარებითაც აპირებდა ოსმალეთისაგან ვლახეთის განთავისუფლებას. მაგრამ პეტრე I-ის პრუტის ლაშქრობის (1711) დროს ლოდინის პოლიტიკა არჩია. როცა ბ-ს გეგმები ცნობილი გახდა ოსმალებისათვის, იგი ოჯახის წევრებთან ერთად შეიპყრეს (1714) და კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასაჯეს.
ბ-ს გამგებლობის პერიოდი რუმინ. კულტ. აყვავების ხანად ითვლება. 1689–90 ბ-ს მიწვევით ვლახეთში ჩავიდა ანთიმოზ ივერიელი, რ-ის თაოსნობითა და მონაწილეობით დაარსდა 4 სტამბა. იბეჭდებოდა წიგნები რუმინ., ბერძნ., ძვ. სლავური., არაბ. და თურქ. ენებზე. ბ-ს დიდი წვლილი მიუძღვის პირველი არაბ. სტამბის (სირია, ქ. ჰალაბი, 1706) და საქართველოში პირველი ქართ. სტამბის (თბილისი, 1708–09) დაარსების საქმეში.
ლიტ.: გ ვ ი ნ ჩ ი ძ ე ო., ანთიმ ივერიელი, მიხაილ იშტვაინოვიჩი და პირველი ქართული სტამბა, თბ., 1973.
ო. გვინჩიძე