ბრინჯაოს მღვიმე, მუსტიესა და ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მრავალფენიანი ძეგლი კარსტული წარმოშობის მღვიმეში, ტყიბულის ზონაში შემავალ სოფ. ცუცხვათის ტერიტორიაზე, მდ. შაბათღელის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 300 მ. წარმოადგენს ცუცხვათის მრავალსართულიან მღვიმეთა სისტემის V იარუსს. გაითხარა 1974–76 (ხელმძღვ. ლ. მარუაშვილი და დ. თუშაბრამიშვილი). ფიქსირებულია 24 ლითოლოგიური ფენა. VII–XXII ლითოლოგიური ფენები შეადგენს 5 მუსტიეურ ფენას, ხოლო I–VI – ენეოლით-ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ფენებს, XXIII–XXIV ფენები სტერილურია. ხუთივე მუსტიეურ ფენაში აღმოჩენილია 7279 ნივთი (ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები, სხვადასხვა სახის დაკბილული იარაღი და სხვ.). ფაუნა წარმოდგენილია მგლის, მღვიმური და მურა დათვის, ბიზონის, შვლის, მარტორქის და სხვა ცხოველთა (24 სახეობის ძუძუმწოვარი და 6 სახეობის ფრინველი) ძვლების ნაშთები ნასუფრალის სახით. II მუსტიურ ფენაში (XVIII ლითოლოგიური ფენა) აღმოჩენილია 12–13 წლის ნეანდერტალელის ზედა საძირე კბილი. ბ. მ-ის შუა პალეოლითური ფენები მუსტიეს ეპოქის სხვადასხვა საფეხურით თარიღდება.
ენეოლით-ადრინდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. IV–III ათასწლ.) ფენებში აღმოჩენილია დას. საქართვ. მღვიმური კულტურისათვის დამახასიათებელი კერამ. ნაწარმი, გახეხილ-გაპრიალებული ქვის იარაღი, კაჟის ისრისპირები, ქვის სამაჯურის ფრაგმენტები, ხელსაფქვავები, ძვლისა და რქის თოხისნაირი იარაღი და სხვ.
მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში.
ლიტ.: Т у ш а б р а м и ш в и л и Д. М., Археологические памятники Цуцхватского многоэтажного пещерного комплекса, წგ.: Изучение пещер Колхиды, Тб., 1978.
დ. თუშაბრამიშვილი