ბრინჯაოს ცული

ბრინჯაოს ცული, ბრინჯაოს ხანის სამეურნეო, საბრძოლო და სარიტუალო იარაღი, რ-იც მზადდებოდა სპილენძისა და მისი შენადნობებისაგან. ძვ. წ. IV. ათასწლ. დასასრულის ძველაღმოსავლური, ე. წ. სატარეხვრელიანი ცულის ნიმუშები აღმოჩნდა შუმერში (ური, უქაირი), ელამში (სუსა B), ირანში (სიალქი III), ინდოეთსა (შაჰტიტუმპი, ჩონხუ-დარი) და მინოსური კულტურის ძეგლებში. ძვ. წ. III ათასწლ. I ნახ. და შუახანების ამავე ტიპის ცულები კავკასიაში ცნობილია ძირითადად მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურის წრეში, ზოგიერთი კი – მის გარეთაც: საქართველოში (ზაჰესი, ქულბაქები, მეჯვრისხევი, ბურდაძორი, ყიზილაჯლო, ნაომარი, ეშერა, ყულანურხვა, სვანეთი), სომხეთში (გიუმრი, ეჩმიაძინი), დაღესტანსა (ხუტრახი, მეკეგი, ნოვაია-მაკა) და ყუბანისპირეთში. ე. წ. სატარეხვრელიანი ბ. ც-ების ჩამოსასხმელი ყალიბები აღმოჩნდა შენგავითში, გარნისში, ქიულ-თეფე II-ზე (სომხეთი) და გალგალათლიში (დაღესტანი). მათზე უკვე შეიმჩნევა ის ნიშნები, რ-თა მიხედვით ძვ. წ. III ათასწლ. II ნახევარში განვითარდა ე. წ. ყუადაქანებული და ყუამილიანი ტანმოხრილი ცულები. ამ ხანის სამუშაო, მსუბუქი საბრძოლო და რთული ფორმის სარიტუალო ცულები საქართველოში აღმოჩნდა საჩხერის გორასამარხებში, აფხ. დოლმენებში, განთიადში, სვანეთში, ბედენის, მარტყოფის, სარალის გორასამარხებში, კარალეთში, ნადარბაზევში, გუფთაში, ძაღინაში; ყალიბები – ისპანსა და ფიჩორის ნამოსახლარებში (დას. საქართველო).

შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) ბ. ც-ების ფორმათა დიფერენციაციის პროცესი გაღრმავდა. ამ დროის ცულები მრავლადაა აღმოჩენილი საქართველოში (სვანეთი, ბრილი, ლეჩქოფი, ჭლოუ, ბიჭვინთა, გაგრა, განთიადი, ურეკი, ლიხნი, ქვიშარი, მახო, ერგე, ღრმაღელე, ბოდორნა, გუმბათი, ცხინვალი), სომხეთში, ჩრდ. ოსეთსა და დაღესტანში.

გვიანდ. ბრინჯაოს ხანისათვის (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ.) ამიერკავკასიაში გამოიყოფა ბ. ც-ების 2 უმთავრესი ჯგუფი – კოლხური და ცენტრ. ამიერკავკასიური. ამ დროის კოლხური ბ. ც. ფართოდ გავრცელდა ქართლის მთიანეთსა და ჩრდ. ოსეთში (ყობანური კულტურა), აღმოჩნდა ცენტრ. ამიერკავკასიაშიც. მან ტექ. და მხატვრული განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. უძველეს რკინის ცულებს დას. და აღმ. საქართველოში კოლხური ბ. ც-ის ფორმა აქვს. ე. წ. ჩუგლუგის ტიპის, ცენტრ.-ამიერკავკ. ბ. ც. და კოხლური ბ. ც. ადრინდ. რკინის ხანაშიც (ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) განაგრძობდა არსებობას. ამიერკავკასიაში ბ. ც-მა თავისი არსებობის მთელ მანძილზე განიცადა უწყვეტი ტექ. და მორფოლ. ევოლუცია, ფუნქციური და ტიპოლოგიური დიფერენცირება. მისი მორფოლ. საწყისები ქვის ინდუსტრიაში ჩანს (ქორეთის, კეტისა და ეჩმიაძინის ქვის ცულები). მრავალი უცხოელი მკვლევარი აღიარებს, რომ აღმ. და ცენტრ. ევროპაში გავრცელებული ბ. ც-ის ადრეულ ფორმებში შეინიშნება ამიერკავკ. მეტალურგიის გავლენა. საქართველში ბ. ც. მზადდებოდა ბუნებრივმინარევებიანი სპილენძის (უძველესი ცულები) თუ სხვადასხვა შენადნობიანი (უმთავრესად დარიშხანი, ანტიმონიუმი, კალა ან მათი ნარევი) ბრინჯაოსაგან, რ-საც ქვის, ცეცხლგამძლე თიხისა და ზოგჯერ (გვიანდ. ბრინჯაოს ხანაში) ბრინჯაოსავე დახურულ, ორსაგდულიან ყალიბში ასხამდნენ, სამუშაო პირს კი შემდგომ ჭედვითა და ლესვით ამუშავებდნენ.

ლიტ.: ფ ა ნ ც ხ ა ვ ა  ლ., კოლხური კულტურის მხატვრული ხელოსნობის ძეგლები, თბ., 1988; ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ო., ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის, თბ., 1976; Е с а я н  С. А., оружие и военное дело древней Армении (III–I тыс. До н. э.), Ер., 1966; К у ф т и н  Б. А., Материалы к археологии Колхиды, [т.] 1–2, Тб., 1949–50; C h i l d e  G., Eurasian shaft-hole axes, «Eurasia Septentrionalis Antiqua», IX, Hels., 1934.

ე. გოგაძე