ბრინჯაოს ხანა, საზოგადოების განვითარების ისტორიულ-კულტურული პერიოდი, როცა საბრძოლო და სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა ბრინჯაო იყო. ბ. ხ-ს წინ უსწრებდა ენეოლითი. ბ. ხ. შეცვალა რკინის ხანამ. ბ. ხ. მსოფლიოს სხვადასხვა რ-ნში სხვადასხვა დროს დაიწყო. ბრინჯაოს უძველესი (ძვ. წ. IV ათასწლ.) ნაწარმი აღმოჩენილია სამხრ. ირანში. თურქეთსა და შუამდინარეთში. ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლოდან ბ. ხ. გავრცელდა ეგვიპტეში, III ათასწლ. ბოლოდან – ინდოეთში, II ათასწლეულიდან – ევროპაში, II ათასწლ. შუა ხანიდან – ჩინეთში. ამერიკაში ბ. ხ-ს დამოუკიდებელი ისტორია აქვს. აქ მეტალ. ცენტრი პერუსა და ბოლივიის ტერიტორიაზე იყო (VI–X სს. ე. წ. გვიანი ტიუანაკოს კულტურა). ცენტრ. აფრიკაში ბრინჯაოს წარმოების დამოუკიდებელი კერები უნდა აღმოცენებულიყო, როგორც ჩანს, არა უგვიანეს ძვ. წ. I ათასწლეულისა.
ბ. ხ-ში განსაკუთრებით მკვეთრად იჩინა თავი ისტ. განვითარების უთანაბრობამ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (შუამდინარეთი, ელამი, ეგვიპტე, სირია) ძვ. წ. IV–III ათასწლეულებში ვითარდებოდა კლასობრივი საზ-ბები და უძველესი სახელმწიფოები. ძვ. წ. III–II ათასწლეულებში ამ ცენტრებს გარეთაც შეიქმნა ახ. ცივილიზაციები – ჰარაფა ინდოეთში, ინის ჩინეთი, ხური-მითანის, ხეთების და სხვ. სახელმწიფოები წინა აზიაში; კრეტის ცივილიზაცია ევროპაში (კნოსოსი, ფესტოსი და სხვ.) და უფრო მოგვიანებით (ძვ. წ. XVI–XIII სს.) – კონტინენტურ საბერძნეთშიც (ტირინთი, მიკენე, პილოსი და სხვ.).
ქალაქური ცივილიზაციების ზონის გარეთ არსებულ კულტურათა წიაღში მიმდინარეობდა პირველყოფილი თემური წყობილების ინტენს. რღვევა.
ბ. ხ-ში კავკასია ევრაზიის უმნიშვნელოვანესი მეტალ. ცენტრი იყო. ბ. ხ. აქ სამ ეტაპად იყოფა: ადრინდ. ბ. ხ. (ძვ. წ. III ათასწლ.), შუა ბ. ხ. (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) და გვიანდ. ბ. ხ. (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ.).
კავკასიაში გამოიყოფა ადრინდ. ბ. ხ-ის თავისებური მატერ. კულტურები: კოლხეთის დაბლობზე, ჩრდ.-დას. კავკასიაში ე. წ. მაიკოპის კულტურა და ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურა, რ-იც ძირითადად გავრცელებული იყო ცენტრ. და აღმ. ამიერკავკასიაში. დას-ით იგი თითქმის ენგურის ნაპირამდე აღწევდა, სამხრ-ით ურმიის ტბამდე (იანიკ-თეფე, გეოი-თეფე). მტკვარ-არაქსის კულტურა რამდენიმე ლოკალურ ვარიანტად ნაწევრდებოდა (შიდა ქართლი, სომხეთი, ჩრდ.-აღმ. კავკასია და სხვ.). მტკვარ-არაქსის კულტ. სამოსახლოები განლაგებული იყო მდინარეთა ნაპირებზე, მცირე ბორცვებზე ან მთის ფერდობებზე, რ-თა მიმდებარე ტერიტ. ხელსაყრელი იყო მიწათმოქმედებისათვის. სამაროვნები სამოსახლოთა მახლობლად მდებარეობდა. მაღალ დონეზე იდგა სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგია და თიხის ჭურჭლის დამზადება; ამ პერიოდიდან ვარაუდობენ სამეთუნეო მორგვის გაჩენას. მტკვარ-არაქსის კულტურა მიწათმოქმედ-მესაქონლე ტომთა კულტურაა. ადრინდ. ბ. ხ-ის დასასრულს დაიწყო გვაროვნ. საზ-ბის რღვევა, ახალი, ე. წ. ყორღანული (გორასამარხების) კულტ. ჩამოყალიბება, რ-იც კახეთში, შიდა და ქვემო ქართლშია გავრცელებული. ამ კულტ. მდიდრული გორასამარხები გათხრილია თრიალეთში, ბედენის ზეგანზე, მარტყოფში, სამგორში, ალაზანის ველზე და სხვ. შიდა ქართლში შესწავლილია გორასამარხების შესაბამისი სამოსახლოები, რ-ებიც როგორც წესი, იმავე ძეგლებზეა განლაგებული, სადაც მტკვარ-არაქსის კულტურის ნამოსახლარებიც არის წარმოდგენილი (იხ. არადეთის ორგორა, ნაცარგორა). სამოსახლოები ქვისა და ალიზის გალავნით და თხრილით იყო გამაგრებული. არქიტექტურასა და მშენებლობის ტექნიკაში, სახლების გეგმარებაში, საკულტო კერების და თიხის ნაწარმის ფორმებში, საერთოდ ნივთიერი კულტ. ხასიათში აღინიშნება მემკვიდრეობითი კავშირი მტკვარ-არაქსის კულტურასთან. შესაძლებელია, ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ყორღანული და მტკვარ-არაქსის კულტურები დროის გარკვეულ მონაკვეთში თანაარსებობდნენ კიდეც.
შუა ბრინჯაოს ხანაში კავკასიაში რამდენიმე დამოუკიდებელი კულტურა შეიქმნა. ეს კულტურებია: თრიალეთის, სევან-უზერლიქის, თაზაქენთ-ყიზილვანქის, დას. საქართველოს და ჩრდ. კავკასიის კულტურები. ფიქრობენ, რომ ამ დროს ჩამოყალიბდა ტომთა დიდი კავშირები, რ-ებსაც ეს ცალკეული კულტურები შეესაბამება.
თრიალეთის კულტურა მოიცავს მთელ აღმ. საქართველოს – შიდა ქართლს, კახეთს, ქვემო ქართლს, ჯავახეთს, თრიალეთსა და ლორის ზეგნის (ტაშირი) მთისწინა ზოლს. თრიალეთის კულტ. ძირითადი ელემენტები ადგილობრივია და გენეტიკურად მტკვარ-არაქსის კულტურას უკავშირდება, მაგრამ მისი ანალოგიური მასალა წინა აზიაში, ეგეოსის სამყაროსა და აღმ. ევროპაშიც დასტურდება. თრიალეთური კულტურისათვის დამახასიათებელია შავპრიალა, აგრეთვე მოხატული კერამიკა. განვითარებული იყო ბრინჯაოს მეტალურგია, განსაკუთრებით ოქრომჭედლობა.
მტკვარ-არაქსის ადრინდ. ბ. ხ-ის კულტურის საფუძველზე აღმოცენდა სევან-უზერლიქის კულტურაც, რ-იც გავრცელებული იყო სევანის ტბის მიმდებარე მხარესა და მის აღმ-ით მდებარე მტკვარ-არაქსის შუამდინარეთში. ამ კულტურას ძირითადად ახასიათებს შავპრიალა, თეთრად ინკრუსტირებული თიხის ჭურჭელი, ხშირად – წითელზედაპირიანიც. თაზაქენთ-ყიზილვანქის კულტურა გავრცელებულია სომხ. ცენტრ. და სამხრ. ნაწილში და აზერბ. სამხრ.-დას. მონაკვეთში. ამ კულტურის მასალის პარალელები იძებნება სამხრეთის ქვეყნებში (ელამი, მცირე აზია) და საერთოდ იგი უფრო სამხრეთულ სამყაროს განეკუთვნება, ვიდრე ამიერკავკასიურს.
შუა ბ. ხ-ში თავისებური კულტურა იყო გავრცელებული მდ. რიონის სათავეებში (ბრილი), სადაც ამ პერიოდში ცხოვრების დამკვიდრება დაკავშირებულია სამთამადნო წარმოების მაღალ განვითარებასთან. რიონის სათავეების კულტურა დიდ მსგავსებას იჩენს დიგორის მასალასთან.
კოლხეთის დაბლობში შუა ბ. ხ-ის ნამოსახლარები დადასტურებულია არხებით გამაგრებულ გორებზე (ნაოხვამუ, დიხაგუძუბა, ნოსირი და სხვ.). ამ გორებზე რამდენიმე თანამიმდევრული კულტ. ფენაა აღმოჩენილი, რაც აქ ბ. ხ-ში კულტურის განუწვეტელ განვითარებაზე მიგვითითებს. ადრინდ. და შუა ბ. ხ-ის საფეხურები კარგადაა გამოვლენილი აფხაზეთში დოლმენური სამარხების სახით. დოლმენებში აღმოჩენილი ნივთები უკავშირდება კოლხეთის დაბლობის ადრინდ. ბ. ხ-ის კულტურას, საბრძოლო იარაღის ზოგიერთი ფორმა კი – ჩრდილოკავკასიურ და ჩრდ.-აღმ. შავიზღვისპირეთის დოლმენურ და კატაკომბურ კულტურებს.
ჩრდ. კავკასიაში შუა ბ. ხ-იდან სავარაუდოა ერთიანი, ე. წ. ჩრდილოკავკ. კულტურის არსებობა. ფიქრობენ, რომ იგი ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისში ჩამოყალიბდა და განვითარების მწვერვალს ძვ. წ. II ათასწლ. შუა ხანაში მიაღწია. ძვ. წ. II ათასწლ. II ნახევარში ტრამალის ტომების შემოსევამ გამოიწვია ამ კულტ. დაცემა. დას-ით და სამხრ.-დას-ით ჩრდილოკავკ. კულტურა ესაზღვრება შავიზღვისპირეთის და ყუბანისპირეთის დოლმენების გავრცელების ტერიტორიას. ამ კულტ. სამხრ. და სამხრ.-დას. საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის.
გვიანდ. ბ. ხ-ის მასალა კავკასიაში ორგანულად უკავშირდება როგორც წინამრობედ, ისე მომდევნო პერიოდის ძეგლებს და ადგილ. კულტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს. გვიანდ. ბ. ხ-ში კავკასიაში მოხდა დიდი სამეურნეო და სოც.-პოლიტ. ძვრები. საწარმოო ძალთა და წარმოების საშუალების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი შედეგი იყო რკინის (ფოლადის) წარმოების ათვისება (ძვ. წ. II ათასწლ. დასასრ.), რამაც რევ. როლი ითამაშა საზ-ბის განვითარების ისტორიაში. მოხდა შრომის მესამე დანაწილება – ხელოსნობა გამოეყო მიწათმოქმედებას. გაცხოველდა აღებ-მიცემობა. გაღრმავდა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პროცესი, მომზადდა საფუძვლები კლასობრივ საზ-ბათა ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოების შექმნისათვის.
გვიანდ. ბ. ხ-ში ჩრდ. კავკასიაში ჩამოყალიბდა 3 კულტურა: ე. წ. ყუბანისპირეთისა, ყობანური და ყაიაქენთ-ხოროჩოისა. რამდენიმე კულტურაა ამიერკავკასიაშიც: კოლხური კულტურა (მოიცავს მთელ დას. საქართველოს ჩრდ. მთიანეთის ზოლის გამოკლებით, სამხრ. საქართველოს ნაწილს და შიდა ქართლში სურამის ქედის მიმდებარე რ-ნებს); აღმოსავლურქართული კულტურა (უკავია შიდა ქართლი და კახეთი) და ხოჯალი-გადბეიური კულტურა (მოიცავს აზერბ. სამხრ.-დას. ნაწილს და სომხ. აღმ. მხარეს). თავისებური კულტურა ჩანს გავრცელებული ჩრდ. სომხეთშიც, რ-იც ყველაზე მეტად აღმოსავლურქართულს უკავშირდება. სამხრ.-დას. კასპიისპირეთში კი გავრცელდა უფრო სამხრეთული იერის მქონე, ე. წ. თალიშური კულტურა. ამ კულტურათა საზღვრები არ არის მყარი, ადრინდ. რკინის ხანიდან კი ისინი უფრო მეტ სეგმენტაციას განიცდიან, რადგან ამ პერიოდში მყარი გაერთიანებების შექმნასთან ერთად უფრო მკვეთრად გამოიყოფა ცალკეული ტომების მატერ. კულტურათა თავისებურებანი.
ლიტ.: გ ო გ ა ძ ე ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბ., 1972; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.), თბ., 1973; ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ღ ლ ო ნ ტ ი ლ., ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ა., ურბნისი, თბ., 1962; ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი ტ., მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის უძველესი კულტურა, თბ., 1965; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961; მისივე, არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969; И е с с е н А. А., К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, «Известия Гос. Академии истории материальной культуры», 1935, в. 120; მისივე, К хронологии «больших кубанских курганов», «Советская археология», 1950, в. 12; К р у г л о в А. П., Северо-восточный Кавказ во II–I тыс. До н. э., «Материалы и исследования по археологии СССР», 1958, в. 68; К р у п н о в Е. И., Древняя история Северного Кавказа, М., 1960; К у ф т и н Б. А., Археологические раскопки в Триалети, [кн.] 1, Тб., 1941; მისივე, Материалы к археологии Колхиды, [т.] 1–2, 1949–50; М а р к о в и н В. И., Культура племен Северного Кавказа в эпоху бронзы (II тыс. До н. э.), «Материалы и исследования по археологии СССР», 1960, в. 93; М о н г а й т А. Л., Археология Западной Европы, т. 1–2, М., 1973–74; М у н ч а е в Р. М., древнейшая культура Северо-Восточного Кавказа, «Материалы и исследования по археологии СССР», 1961, т. 100; П и о т р о в с к и й Б. Б., Археология Закавказья, Л., 1949; Ч а й л д Г., У истоков европейской цивилизации, пер. С. Англ., М., 1952; მისივე, Древнейший Восток в свете новых раскопок, пер. С. англ., М., 1956.
კ. ფიცხელაური