ბროვკა პეტრუს (პეტრე უსტინის ძე) [12 (25). VI. 1905, სოფ. პუტილკოვიჩი, ახლანდ. უშაჩის რ-ნი, ვიტებსკის ოლქი, – 24. III. 1980, მინსკი], ბელორუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ბელორ. სახ. პოეტი (1962), ბელორ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1966). სოციალ. შრომის გმირი (1972). სსრკ სახელმწ. პრემიის ორგზის ლაურეატი (1947, 1950), ლენინური პრემიის ლაურეატი (1969), ბელორ. ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1967–80).
ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1926-იდან. წერდა ლექსებს, მოთხრობებს. ავტორია მრავალი პოეტური თუ პროზაული კრებულისა.
ბ-ს მდიდარი შემოქმედებითი კავშირები ჰქონდა საქართველოსთან, პირადად იცნობდა პ. იაშვილს, ტ. ტაბიძეს, ს. ჩიქოვანს, გ. ლეონიძეს, ი. აბაშიძეს და დიდად აფასებდა მათთან მეგობრობას. ქართ. თემატიკა საინტერესოდ აისახა 40–70-იან წლებში შექმნილ მის ლექსებში „კავკასია“ (1942), „წყალი“ (1962), „ქართული სიმღერა“ (1965), „კავკასიური ჩანახატები“ (1972), „საუბარი იალბუზთან“ (1979) და სხვ. მათში კარგად ჩანს ავტორის დაინტერესება საქართვ. ისტორიითა და კულტურით, ოსტატურადაა დახატული ქართ. პეიზაჟები. ეკუთვნის წერილები ქართ. ლიტ-რაზე, რუსთაველზე, ი. გრიშაშვილზე. ბელორ. ენაზე თარგმნა კ. ლორთქიფანიძის „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, მ. გელოვანის ლექსები და სხვ. ნაწარმოებები. 1937 მაღალპოეტურად თარგმნა ვეფხისტყაოსნის ფრაგმენტები. ქართ. ენაზე თარგმნილია ბ-ს ლექსები, რომანი „როცა მდინარე მდინარეს ერთვის“ (თბ., 1963) და სხვ.
თხზ.: Збор твораÿ, т. 1–7, Мinck, 1975–78.
ნ. გაფრინდაშვილი