ბროკერი

ბროკერი (ინგლ. Broker), შუამავალი, რომელიც სხვისი სახელითა და ანგარიშით მონაწილეობს სხვადასხვა სახის სამეურნეო საქმიანობაში. საკრედიტო, კომერციული, სავალუტო და სადაზღვევო ოპერაციების დროს ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას. ბ. ბირჟაზე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ბ-ები სთავაზობენ კლიენტებს ბაზრის ანალიტიკურ მომსახურებას, უწევენ კონსულტაციებს, უზრუნველყოფენ ინფორმაციული სერვისებით სადაზღვევო კომპანიებისა და მათი მომსახურების შესახებ, უწევენ დახმარებას დოკუმენტების მომზადებასა და ხელშეკრულების შედგენაში.

ბ-ის ძირითადი სფეროებია ვაჭრობა ბირჟაზე, დაზღვევა, სესხები, უძრავი ქონების განკარგვა, საბაჟო საქმიანობა. საფონდო ბირჟაზე უძრავი ქონებით მოვაჭრე ბ-ს მაკლერს უწოდებენ. ბ-ები მუშაობენ დამოუკიდებლად; ქმნიან საბროკერო კანტორებს, ფირმებს; საკუთარი ინტერესების დასაცავად ერთიანდებიან ბ-თა ეროვნ. ასოციაციებად. აშშ-ში მოქმედებს ბ-თა ეროვნ. ასოციაცია, რ-იც ძირითადად სამეურნ. ფუნქციებს ასრულებს.

საქართველოში ყალიბდება ბ-თა ეროვნ. „გილდია“, შექმნილია აგრეთვე მრავალი საბროკერო ფირმა. ამჟამად (2021) საქართველოში არსებობს საქართველოს ეროვნ. ბანკის მიერ ლიცენზირებული რვა საბროკერო კომპანია.

დ. იაკობიძე