ბროლისქედი, სერი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის აღმ. ნაწილში, ქუთაისის სამხრ.-აღმ-ით, მდ. ყვირილის მარჯვ. მხარეს. ბ-ის სამხრ. მონაკვეთი მთავარი ნაწილისაგან გამოყოფილია მდ. ჭიშურით (ყვირილის მარჯვ. შენაკადი). უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 385 მ.
ბ. აგებულია ზედაცარცული და ეოცენური კირქვებით, მერგელოვანი კირქვებითა და ქვიშაქვებით, აგრეთვე ოლიგოცენური მანგანუმიანი ქვიშაქვებით. არის ქალცედონის საბადო. აქვს სტრუქტურულ-ეროზიული რელიეფი. შემოსილია უმთავრესად ბუჩქნარითა და მეორეული ტყით.
გ. დევდარიანი