ბრონევსკი სიმონ მიხეილის ძე (1763–17. XII. 1830), რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, კავკასიოლოგი. პ. ციციანოვმა კავკ. მთავარმართებლის კანცელარიის გამგედ დანიშნა.
თბილისში მოღვაწეობით მან შეძლო კავკასიოლოგიის დარგში ადრე (1796-იდან) დაწყებული მუშაობის გაფართოება. არასებული ლიტ-რისა და თავისი შეკრებილი მასალის საფუძველზე გამოსცა კავკასიური ნარკვევები ორ წიგნად.
I წიგნი შეიცავს გეოგრ. ცნობებს კავკასია-საქართველოზე. ფიზიკურ-გეოგრაფიულად დახასიათებულია ცალკეული მხარეები, განხილულია მდინარეთა ქსელი (მტკვრის, რიონის, ჭოროხის), ზღვები და ტბები, ცხოველთა სამყარო, კავკასიაში მოსახლე სხვადასხვა ხალხები, მათი რელიგია და ყოფა; აღწერილია არარატის მთისწინეთი, სამხრ. საქართველოს მთები, ძვ. დროისა და ახ. ეპოქის ვაჭრობა-ნაოსნობა მტკვრით, ფაზისით (რიონით) და ა. შ. ავტორი ამ მხარის ისტორიას თავისებურად ყოფს ბერძნ., რომაულ, თურქ.-სპარს. და რუს. პერიოდებად. ბ-ს ნარკვკევებში ფასეულია იმდროინდელ მხარეთა აღწერა, მოსახლ. საქმიანობის, ყოფის, ენებისა და რელიგიათა დახასიათება.
II წიგნში გადმოცემულია იმიერკავკ. (ასტრახანისაც) წარსული და თანამედროვე მდგომარეობა; დახასიათებულია აღმ. ამიერკავკასიის სახანოები. ბ-ს მიმოხილული აქვს რუს.-საქართვ. ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები (დაცულია აღმოსავლური ინ-ტის სანქტ-პეტერბ. განყ-ბის ხელნაწერთა კოლექციაში).
თხზ.: Новейшие географические и исторические известия о Кавказе, собранные и пополненные Семеном Броневски, кн. 1–2, М., 1823–24.
ფ. სიხარულიძე