ბროწეული

ბროწეული (Punica granatum), ბუჩქი ან ტანდაბალი ხე (სიმაღლით 5 მ-მდე) ბროწეულისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ეკლიანი, მშრალი სუბტროპიკული ზონის ხეხილოვანი მცენარეა. დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს ისხამს ნაყოფს. სრულ მოსავალს მეშვიდე-მერვე წელს იძლევა. ნაყოფი კენკრასებრია, აქვს ყვითელი ან წითელი ნაყოფსაფარი, სფეროსებრი მრავალი (400–700) წვნიანი თესლი, რ-იც მწიფდება სექტ.-ოქტ-ში. ერთი ხის მოსავალი 50–60 კგ აღწევს. ბ. კარგად ხარობს ორგ. ნივთიერებებით მდიდარ ღრმა თიხნარ ნიადაგზე. ყინვაგამძლეა (იტანს – 16°C).

საქართველოში ველურად იზრდება ივრის, ალაზნისა და მტკვრის ნაპირებზე და დასავლეთის ზოგიერთ რ-ნში. კულტივირებულია სუბტროპ. ზონაში.

ბ-ის ნაყოფს ნედლად იყენებენ; წვნისაგან, რ-იც 8–19% შაქარს, 0,3–9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს, სანელებლებს. ბ-ის ღეროს, ტოტებისა და ფესვების ქერქის ნახარშსა და ექსტრაქტს სამკურნალოდ იყენებენ. მცენარის ეს ნაწილები დიდი რაოდენობით შეიცავს (32%-მდე) მთრიმლავ ნივთიერებებს, რ-საც იყენებენ ტყავის წარმოებაში და საღებრების დასამზადებლად.

საქართველოში ბ. გაშენებულია უმთავრესად კახეთში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. ნარგაობის საერთო ფართობი 500 ჰა-ს აღწევს. აღმ. საქართველში დარაიონებული ჯიშებია: „ვარდისფერი გულშა“, „ყირმიზი-ყაბუხი“, „შაჰ-ნარი“, „სალავათური“. ბ-ს აზიანებს ნაყოფჭამია, ბუგრი, ტკიპა. ავადდება გუმოზით (ტოტების კიბო); ბრძოლის ღონისძიებანი: გამხმარი ტოტებისა და მკვდარი ფესვების მოცილება და დაწვა; გაზაფხულზე 1%-იანი ბორდოს სითხის, შემოდგომაზე 5%-იანი სპილენძის აჯასპის შესხურება.