ბრტყელეკალა

ბრტყელეკალა (Onopordum), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მეტწილად ორწლოვანი, ეკლიანი ბალახებია. აქვთ 150 სმ-მდე სიმაღლის ფრთიანი ღერო, მორიგეობით განლაგებული, ფრთისებრ ჩაჭრილი, ეკლიანი, მოგრძო ფოთლები და დიდ, მრავალყვავილიან კალათებად შეკრებილი მეწამული, მილისებრი ყვავილები. გვარში 40-ზე მეტი სახეობაა, რ-ებიც გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდ. აფრიკაში, მეტწილად ხმელთაშუაზღვისპირეთში.

საქართველოში ამ გვარის 2 სახეობა იზრდება – O. acanthium და O. heteracanthum, პირველი გვხვდება აფხაზეთში, აჭარასა და ქართლში, მეორე – მხოლოდ ქართლში. ორივე სახეობა იზრდება დანაგვიანებულ მშრალ ადგილებზე.

ლ. ხინთიბიძე